რა დროს არ შეფასდება მასწავლებლის აქტივობები და არ მიენიჭება მას კრედიტქულა - ასეთ 5 შემთხვევას, მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების ინსტრუმენტების დებულება ითვალისწინებს.
„მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენების დამტკიცების შესახებ“ დოკუმენტში ცვლილებები მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის ბრძანებით შევიდა.
სწორედ აღნიშნული დოკუმენტის ზოგად დებულებაშია განსაზღვრული, ის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლის აქტივობები არ შეფასდება და მას კრედიტქულა არ მიენიჭება.
ასეთი შემთხვევებია:
ა) თუ მასწავლებელი წარმოადგენს აქტივობას, რომელიც შეფასებულია სხვა აქტივობის, ან 2011-2014 წლების „მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის“ ფარგლებში;
ბ) თუ მასწავლებელი არ იცავს საავტორო უფლებებს (პლაგიატი);
გ) თუ მასწავლებელი სრულად არ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას;
დ) თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფს აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად არ განხორციელებულა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი აქტივობა;
ე) თუ მასწავლებელი წარმოადგენს 2017 წლის 26 იანვრის საქართველოს მთავრობის N35 დადგენილების მიხედვით მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დამატებულ აქტივობებს, რომლებიც განახორციელა 2016-2017 სასწავლო წლამდე.