„15 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე საგნის საგამოცდო ტესტი აცდენილი ყოფილიყო საგამოცდო პროგრამასა და შესაბამისად სასწავლო გეგმას“, - აღნიშნულ განცხადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჯამბურია, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიმოხილვაში გამოთქმული შეფასების საპასუხოდ აკეთებს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ „ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა ნაწილი არ არის შესაბამისობაში სასწავლო გეგმასთან, რამაც შეიძლება შეაფერხოს სწავლა-სწავლების პროცესი საქართველოს სკოლებში“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის კახა ჯამბურიას განცხადებას etaloni.ge უცვლელად გთავაზოთ:
„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიმოხილვაში დაშვებულია შეცდომა: „ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა ნაწილი არ არის შესაბამისობაში სასწავლო გეგმასთან, რამაც შეიძლება შეაფერხოს სწავლა-სწავლების პროცესი საქართველოს სკოლებში“.
15 წლის განმავლობაში (რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდებოდა) არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე საგნის საგამოცდო ტესტი (ან თუნდაც ერთი კონკრეტული დავალება) აცდენილი ყოფილიყო საგამოცდო პროგრამასა და შესაბამისად სასწავლო გეგმას. საინტერესოა, რა მონაცემებით ხელმძღვანელობდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, როდესაც ზემოთ მოხმობილ შენიშვნას იძლეოდა ან მსგავს რეკომენდაციას გვთავაზობდა: „უნდა გაიზარდოს ერთიანი ეროვნული გამოცდის შესაბამისობა სასწავლო გეგმასთან იმ რეგრესის ეფექტის შესამცირებლად, რომელსაც ის ქმნის“, - აცხადებს კახა ჯამბურია.
იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდის ყველა ნაწილი არ შეესაბამება სასწავლო გეგმას, რამაც შეიძლება შეაფერხოს სწავლა-სწავლების პროცესი - OECD-ის რეკომენდაციები