მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მიღება აღნიშნული კლასების ყველა მოსწავლეს შეუძლია.
კონკურსს კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით აცხადებს.
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:
აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - “fake news”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი.
დავალების წარსადგენად მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის, „მედიააკადემიის“, განათლების სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
პრიზები:
I ადგილი - Iphone 11 Pro
II ადგილი - Ipad 10.2
III ადგილი - Beats Studio 3
საკონკურსო ნამუშევრები მოსწავლეებმა უნდა გაგზავნონ 2019 წლის 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსო ნაშრომის გასაგზავნად: კონკურსის მონაწილემ უნდა შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა, შემდეგ კი საკონკურსო ნაშრომი გაგზავნოს შემდეგი ბმულის გამოყენებით: http://tiny.cc/oggb6y
კონკურსის წესები:
მოსწავლეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ საკონკურსო დავალების წარმოდგენის ფორმატი, თუმცა უნდა გაითვალისწინონ ნაშრომის მოცულობის ლიმიტი:
ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს
საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი
შეფასების კრიტერიუმები:
რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი
რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე
რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება
რამდენად ინფორმაციული და პრეზენტაბელურია ნაშრომი
! ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
! ნაშრომი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
დავალების შესრულებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდს ფეისბუქზე: https://www.facebook.com/MediaLiteracy.GNCC/ და კომისიის ვებ-გვერდს www.gncc.ge კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვები გაგზავნეთ: medialiteracy@gncc.ge