წარმატებული მოსწავლეები, ჩემპიონატები, აქციები, კლუბები - ინტერვიუ ვანის N2 სკოლის დირექტორთან თეონა ადეიშვილთან
05-06-2017

- ქალბატონო თეონა, მოგვიყევით თქვენი სკოლის შესახებ, რამდენწლიანი ისტორია აქვს თქვენს სკოლას?

- ჩვენი სკოლა 1963 წლის პირველ აპრილს დაარსდა, პირველი დირექტორი გრიგოლ ძაგნიძე გახლდათ, პირველი გამოშვება 1966 წელს იყო, ახლა 50-ე გამოშვება ტოვებს სკოლის კედლებს იმ ღირსებებითა და ფასეულობებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ქვეყნისა და მომავლისთვის. სკოლის კულტურის ჩამოყალიბებში  განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ცალკეულმა პიროვნებებმა, შექმნეს დღევანდელი სკოლის სახე, რომლის პრიორიტეტებია - ტოლერანტობა, თანასწორობა, გუნდური მუშაობა და მოსწავლეზე ორიენტირება.   

- ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, თქვენს სკოლაში ხშირად ტარდება ჩემპიონატები. თუ შეიძლება ამ აქტივობებზე რომ გვესაუბროთ.

- ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ძალიან მნიშნვნელოვანია ჩვენი მოსწავლეებისათვის. გვყავს მაღალკვალიფიციური სპორტის მასწავლებელები,რომლებიც სხვადასხვა აქტივობას მუდმივად ახორცილებენ. ხშირად ტარდება სასკოლო ჩემპიონატები კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს მძლეოსნობაში, ვატარებთ მხიარულ სტარტებს, სადაც მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობენ. ბიოლოგიის გაკვეთილებზე მუდმივად ხდება ჯანსაღი პროდუქტის პროპაგანდა. ჩავატარეთ  გაკვეთილი-პროექტი ''ჯანსაღი კვება''. სკოლის ექიმი მუდმივად საუბრობს მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებელობაზე. ვატარებთ აქციებს ''მოწევა კლავს'', კლასის საათებზე  დამრიგებელები აჩვენებენ ფილმებს, მართავენ დისკუსიებს, გეგმავენ ლაშქრობებს და ა.შ. ჩავატარეთ შიდა სასკოლო კონფერენცია ''არა ალკოჰოლს, ნიკოტინს, ნარკოტიკს'', სადაც მოსწავლეებმა თავად წარმოადგინეს ყველა ის შედეგი, რაც შეიძლება მივიღოთ მათი მოხმარებისას. გავმართეთ დებატები ''ნაადრევი ქორწინება და მომავალი''. ვცდილობთ, ავერიდოთ ''სტიგმას'' მოსწავლეებს ვაწვდით ინფორმაციას შიდსის, C ჰეპატიტის შესახებ. ვატარებთ სემინარებს, ვმართავთ შეხვედრებს ექიმთან, ვიღებთ რეკომენდაციებს.

- ვიცით, რომ თქვენს მოსწავლეებს სპორტული მიღწევები აქვთ.

- დიახ, ასეა. არ შემიძლია არ ვახსენოთ ჩვენი მიღწევები ჭადრაკში, ჩვენი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ვასიკო შაპოვალოვი საქართველოს ვიცე ჩემპიონია და მოპოვებული აქვს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები. მისი მწვრთნელი კი ჩვენი სკოლის სპორტის პედაგოგი ბატონი ავთანდილ ძიგვაშვილია.

- თქვენს სკოლაში მკითხველთა კლუბები ფუნქციონირებს. რა სიხშირით ტარდება წაკითხული წიგნების განხილვა და რა წიგნებს განიხილავენ მოსწავლეები?

- სკოლაში  სექტემბრიდან ფუნქციონირებს სამი კლუბი: ''პიკა'' - პატარა აღმომჩენთა კლუბი, სადაც საბუნებიმეტყველო საგნების პოპულარიზაციას ვახდენთ, კლუბში გაერთიანებულია მეექვსე, მეშვიდე კლასები.

ინტელექტ-კლუბი ''პანაცეა'' - მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს აერთიანებს. კლუბი მთელი დატვირთვით მუშაობს, ამის შედეგია ის, რომ სარაიონო ინტელექტუალურ თამაშში ''რა?სად?როდის?'' პირველ ადგილზე გავედით და ბროლის გარდამავალი ბუ ჩვენს სკოლაშია. ასევე პროექტ ''ეტალონის'' ფარგლებში ჩვენი ერთი მოსწავლე საუკეთესო ათეულში დასახელდა, ხოლო მე-2 მოსწავლე საუკეთესო სამეულში. კლუბის მიზანია, მომავალ წელს ''ვანის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული ჩვენი სკოლის მოსწავლემ მოიპოვოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ კლუბის მეურვე პედაგოგები ქალბატონები ნატო მჟავია, ბელა ბოლქვაძე, ია არაბიძე. მადლობა მინდა გადავუხადო მათ დაუღალავი შრომისთვის.

პატარა მკითხველთა კლუბი ''ბიბლომანი'' ქართული ენის პედაგოგის ქეთევან ძაგნიძის დაარსებულია. ქალბატონი ქეთევანი მაიკროსოფტ ინოვატორი მასწავლებლის სტატუსის მქონეა, ყველა ჩვენგანი ვამაყობთ ამ სტატუსით, რადგან ჩვენთან ერთის გამარჯვება ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა. რაც შეეხება კლუბს, დიდი სიამოვნებაა მათ შეხვედრებზე დასწრება, კითხულობენ და განიხილავენ სხვადასხვა წიგნს, მართავენ დისკუსიებს, აწყობენ პრეზენტაციებს, კითხულობენ ინდივიდულურად, მშობლებთან და მასწავლებელთან ერთად, სტუმრობენ ბიბლიოთეკებს, მათი ყოველი შეხვედრა ნამდვილი წიგნის დღესასწაულია.

- ქალბატონო თეონა, თქვენს სკოლაში ''ეკო-კლუბი'' მთიები ფუნქციონირებს. მათი საქმიანობა და მიზნები რომ გაგვაცნოთ.

-  ეკო-კლუბ  ''მთიების'' წევრები აქტიურად ახორცილებენ მწვანე აქტივობებს. ჩართული ვართ ნიკო კეცხოველის პროექტში, გასულ წელს ნახევარფინალისტები ვიყავით, ამ ეტპაზე ჩვენი მიზანი ''მწვანე სკოლის'' სტატუსის მიღებაა. ამისთვის მუდმივად ვახორციელებთ დასუფთავების აქციებს, ვრგავთ ხეებს, ვაწყობთ ლაშქრობებს, ვსწავლობთ ეკოლოგიურ პრობლემებს. იმედია, შევძლებთ მიზნის მიღწევას.

- თქვენი სკოლა საქველმოქმედო აქციებში ხშირად ერთვება. ამ აქტივობებზე უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ.

- ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიზანი ბავშვის ყოველმხრივი განვითარებაა. მათ უნდა ჰქონდეთ ტოლერანტობის, ემპათიის უნარი. მუდმივად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, აუტიზმის ცნობადობის დღეს, ვსტუმრობთ მიუსაფარ მოხუცებს, ვსწავლობთ სიკეთის კეთებას და ამით ვიღებთ უდიდეს ბედნიერებას. ჩვენ ვზრდით ნამდვილ ადამიანებს...

- როგორც ვიცით, თქვენი სკოლა GPRIED-ის პროექტში აქტიურადაა ჩართული.

- დიახ, სკოლა 2 წელია, ჩართულია GPRIED-ის პროექტში, რომელიც ითვალისიწინებს კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებას. დაწყებითების პედაგოგები გადიან ონლაინ ტრენინგებს, ნერგავენ სხვადასხვა აქტივობას. ხშირია მონიტორინგი დირექციისგან, თავად პროექტისგან, ტრენერებისგან. ამ პროექტმა ჩვენ უამრავი რამ მოგვცა, წლის ბოლოს ვგეგმავთ პოსტტესტირებას, რომლის ანალიზის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება შედეგი.არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს, ჩვენ ერთი შეკრული, ძლიერი, მოტივირებული გუნდი ვართ, ჩვენი მიზანი ისეთი სკოლის შექმნაა, სადაც მოსწავლე ხალისით მიდის, სადაც მისი მოტივაცია ძალიან მაღალია, ჩვენ წარმატებული სკოლის შექმნა გვინდა..

- კიდევ რა პროექტებში მონაწილეობს  ვანის N2სკოლა?

- სკოლაში ფუნქციონირებს პროექტი ''კინო სკოლაში''. კინოცენტრის თანამშრომლებისა და ფსიქოლოგების შერჩეულ ფილმებს, პერიოდულად ვაჩვენებთ ჩვენს მოსწავლეებს. ჩვენი სკოლა მონაწილეობდა პროკურატურის ინიცირებულ პროექტში ''მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ''. მოსწავლეების მიერ შექმნილმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა, გადმოგვცეს სერტიფიკატები და წიგნები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სკოლაში. ისტ-ის გაკვეთილებს ვატარებთ ე.წ. ''ჯეოსელის ოთახში'',რომელიც თანამედროვე  ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ფიზიკა-ქიმიის სწავლებისას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელები მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს, დაკვირვებებს. საოცარია ფიზიკის კაბინეტში გამოფენილი მოსწავლეთა ხელით დამზადებული სხვადასხვა ხელსაწყო.

- ქალბატონო თეონა, ახლახან დასრულდა მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები. რა შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მოსწავლეებმა?

- 21 მოსწავლიდან ატესტატი აიღო 19 მოსწავლემ, 2 მოსწავლე ჩაჭრილია მხოლოდ უცხო ენაში. რაც შეეხება ოქროს და ვერცხლის კანდიდადტებს, მათი შეფასებაა - 8,9 და 10. შედეგები ყოველწლიურად უმჯობესდება, ჩვენი პრიორიტეტია უახლოეს მომავალში  საუკეთესო შედეგების ჩვენება.

- მოსწავლეთა სასწავლო პროცესში რამდენად არიან მშობლები ჩართულები?

- რითიც ყველაზე მეტად ვამაყობთ, მშობელთა ჩართულობის გაძლიერებაა. ჩვენი მშობლები ჩვენ გვერდით დგანან, ჩართულნი არიან შვილებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში,ამით მოსწავლეთა მოტივაციაც გავზარდეთ. მადლობას ვუხდით  მშობლებს, ჩვენ თქვენ გვაძლიერებთ, ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს - ჩვენი ბავშვების ყოველმხრივი განვითარება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203