დაპირისპირება თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში - მე-8 კლასის მოსწავლეს დაზიანება მიაყენეს
04-12-2019

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი შელაპარაკება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგად მე-8 კლასელ მოსწავლეს ჭრილობა, სავარაუდოდ, კალმით მიაყენეს.

ინციდენტთან დაკავშირებით, სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, საქმეზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

„მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203