„თავიდან უარვყოფდი საზოგადოებასთან კომუნიკაციის, პიარის აუცილებლობას, თუმცა Etaloni.ge-სთან თანამშრომლობა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა“, - ასე იწყებს საუბარს Etaloni.ge-ს ერთ-ერთი რესპონდენტი და დეტლურად გვიხსნის, რამ განაპირობა მისი აზრის შეცვლა. რით უწყობს ხელს საიტთან ურთიერთობა სკოლის პოპულარობისა თუ ავტორიტეტის ზრდას და რატომაა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი წარმატებების პოპულარიზაცია, საჯარო სკოლების დირექტორები Etaloni.ge-სთან თანამშრომლობას აფასებენ:
დავით ნაჭყებია - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- მოგეხსენებათ, მთავარი სასწავლო პროცესი, ასევე მოსწავლეების აკადემიური შედეგებია და ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. მართალია, მცირე სირთულეებია სამეურნეო კუთხით, თუმცა ეს წვრილმანი პრობლემებია და თავს აუცილებლად გავართმევთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოსწავლეების უმრავლესობა კარგად სწავლობს, მასწავლებლების 80-90-მა პროცენტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები და წინსვლა ნამდვილად გვაქვს, რაშიც გარკვეული წვლილი „ეტალონს“ მიუძღვის.
სიმართლე გითხრათ, თავიდან უარვყოფდი საზოგადოებასთან კომუნიკაციის, პიარის აუცილებლობას, თუმცა Etaloni.ge-სთან თანამშრომლობა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა რამდენიმე კუთხით: საზოგადოების მხრიდან ჩვენი მისამართით მოდიოდა აგრესია - სკოლა არ მოსწონდათ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენ სკოლაში წლებია არ შემოუხედავს; როგორც კი გავაჟღერეთ ინფორმაციები ჩვენ შესახებ, რამდენიმე თვეში ეს აგრესია საერთოდ შეწყდა; გარდა ამისა, პირადად გავაცნობიერე, რომ მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, მათი წარმატების შესახებ სხვებმაც შეიტყონ; დაბოლოს, Etaloni.ge-ს საშუალებით საზოგადოებამ გაიგო, რომ განათლების მხრივ, ჩვენ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის და ზოგადი განათლების სფეროში პროგრესი უდავოდ გვაქვს.
დოდო დოლიძე - აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართულები და თამამად ვიტყვი, რომ ახალი სასწავლო წელი წარმატებით დავიწყეთ; ამ წინსვლის ერთ-ერთი მოტივატორია Etaloni.ge. ინფორმაციები სხვა სკოლების შესახებ, ცვლილებები განათლების სფეროში... ყველა სიახლე სწორედ Etaloni.ge-ს საშუალებითაა ჩვენთვის ხელმისწავდომი და საიტთან თანამშრომლობა მხოლოდ დადებითად აისახება სკოლის ცხოვრებაზე.მოსწავლეებიც საიტის ყველა სიახლეს ინტერესით ეცნობიან და შემდეგ კერძო საუბრებშიც განიხილავენ. ასევე ისწავლეს როგორ უნდა დაიწეროს და გასაჯაროვდეს, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია.
მარიზა აბაშიძე - ბათუმის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
- აღსანიშნავია, რომ Etaloni.ge-სთან თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, ჩვენი სკოლის ნებისმიერი აქტივობა თუ წარმატებული ნაბიჯი ფართე საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო. ბავშვები მუდმივად ეცნობიან სიახლეებს და აქტიურად არიან ჩართულები Izrune.ge-ს პროექტში, რაც მათ კოგნიტიური, კომუნიკაციისა და სოციალიზაციის უნარების განვითარებაში ეხმარება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ Etaloni.ge პედაგოგებისთვის მოტივატორია - საამაყოა, შენი მოსწავლე რომ წარმატებულია და ამის შესახებ საიტის საშუალებით იგებს უამრავი ადამიანი; ბუნებრივია, ასეთ დროს სკოლის რეიტინგი, ავტორიტეტი იმატებს, რაც უდიდესი პროფესიული პასუხისმგებლობაა.
ვერა ოდიკაძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შევხვდით, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სასწავლო პროცესის მიმართულებით. სამმა პედაგოგმა დატოვა სკოლა დამსახურებული ჯილდოთი, დავგეგმეთ წლიური სასწავლო გეგმა, გავწერეთ საქმიანობა, ვმუშაობთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის... და მინდა გითხრათ, სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენი ნებისმიერი ღონისძიების პოპულარიზაცია. სწორედ Etaloni.ge-ს დამსახურებაა, სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები რომ გვიკავშირდებიან, გამოცდილებას ვუზიარებთ, ვცდილობთ, გარკვეული პრობლემების დაძლევაში ერთმანეთს დავეხმაროთ და მეტი კომუნიკაცია გვქონდეს. ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყოველი სიახლე ოპერატიულად შუქდება, ხელი ეწყობა სკოლების პოპულარიზაციას. მოსწავლეები ელოდებიან ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც Etaloni.ge-დან ჩვენი სკოლის დახურულ ჯგუფებში ვაზიარებთ; მშობლებიც საქმის კურსში არიან, ასე რომ, ყველა ჩართულია - მასწავლებელიც, მოსწავლეცა და მშობელიც.
დოდო გაბისონია - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი:
- „ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ, რაც დადებითად აისახება მოსწავლეებზეც და პედაგოგებზეც. სკოლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება დიდი სტიმულია ყოველი ჩვენგანისთვის; გარდა ამისა, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები Izrune.ge-ს პროექტში, თუ რაიმე სჭირდებათ, პედაგოგებიც ვეხმარებით და სასიხარულოა, როცა პატარები საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობენ. მართალია, საიტზე უამრავი სკოლის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციები, მაგრამ ბავშვებს კონკურენცია არ აშინებთ, პირიქით ცდილობენ, ჯანსაღი ურთიერთობები დაამყარონ სხვა მოსწავლეებთნ, გაიზიარონ მათი გამოცდილება და თავად უკეთესი პროექტები შესთავაზონ საზოგადოებას. ასე, ურთიერთთანამშრომლობით, მეგობრულად მიიწევენ წინ და უნდა ნახოთ, როგორი ენთუზიაზმით ეცნობიან საიტის სიახლეებს - ინტერნეტს რაც უკავშირდება, ვერაფერს გამოაპარებ.
ნათელა კიკაბიძე - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის დირექტორი:
სასწავლო წელი შემართებით დავიწყეთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს ოპერატიულად ვეცნობით Etaloni.ge-ს საშუალებით. საიტთან თანამშრომლობის შედეგია, სკოლის ავტორიტეტი რომ გაიზარდა, მოიმატა მოსწავლეთა დაინტერესებამ და ჩართულობამ სხვადასხვა პროექტში, ამაყი ვარ, რომ ჩვენი სკოლის მეოთხე კლასის ყველა მოსწავლე ჩართულია Izrune.ge-ს პროექტში და მათ ყველაზე მეგობრული კლასის ტიტულიც მოიპოვეს.
გულნაზი ჭელიძე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი:
- მოსწავლეები მომზადებულები შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს, 6 მასწავლებელი გავაცილეთ დამსახურებული ჯილდოთი, უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დავამონტაჟეთ რვა ვიდეოკამერა, ტარდება ღონისძიებები, ჩართულები ვართ კონკურსებში. გარდაბნის რაიონში 84 მასწავლებელი დავატრენინგეთ, მივეცით საშუალება, ნახევარი ქულა აეტვირთათ და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ყოველი აქტივობა არ დარჩენილა Etaloni.ge-ს ყურადღების მიღმა.
შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ Etaloni.ge-სთან თანამშრომლობა გვაძლევს სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარების საშუალებას; გარდა ამისა, მოსწავლეებიც უფრო მოტივირებულები არიან და ცდილობენ, ნებისმიერმა აქტივობამ მაღალი შეფასება დაიმსახუროს. ბუნებრივია, ასეთი თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვისაც, ძალიან კარგია.
ნინი მეგენეიშვილი - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორი:
- სასწავლო წელი ძალიან კარგად დავიწყეთ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა - აბაშის მერიამ დაგვაფინანსა და კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ; დაიდგა ახალი მერხები, ახალი დაფები გვაქვს და შესაბამისად კონტინგენტმაც მოიმატა... მატერიალური რესურსი კარგი გვაქვს, ადამიანური რესურსი - საუკეთესო; Etaloni.ge-ს მიმართ კი მხოლოდ მადლიერების გამოხატვა შემიძლია - ყოველი ღონისძიება, ახალი ნაბიჯი, რომელიც გაშუქდა საიტზე, ერთგვარად რეკლამა იყო ჩემი სკოლისთვის. ჩვენ ისე ლამაზად და წარმატებულად გავიბრწყინეთ, სიტყვები არ მყოფნის. მოგეხსენებათ, სოფელი მიგრაციას განიცდის და როცა ხედავენ, სკოლა ის ადგილი და ის ბაზაა, სადაც ბავშვს შეუძლია, წარმატებას მიაღწიოს, წარმოიდგინეთ, როგორი ამაყია მშობელიც, მოსწავლეცა და მასწავლებელიც, მით უმეტეს, რომ იციან - შრომა აუცილებლად დაფასდება და მათი ნებისმიერი წარმატებული ნაბიჯის შესახებ უამრავი ადამიანი შეიტყობს Etaloni.ge-ს ძალისხმევით.
ნანა ოდიშელიძე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- სასწავლო წელი წარმატებით დავიწყეთ, პედაგოგების კარიერულ წინსვლაში სასიხარულო ცვლილება გვქონდა - 5 პედაგოგი გახდა წამყვანი, 6 ელის გარედაკვირვებას, უფროსი პედაგოგობის პორტფოლიო ვინც წარადგინა, დაკმაყოფილდა... მოსწავლეებს რაც შეეხება, კომპიუტერით ხუთი მოსწავლე დასაჩუქრდა; ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ კონკურსებში, ოლიმპიადებში და ველით ახალ გამოწვევებს.
წარმატების შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია მოტივაციაა პედაგოგისთვისაც და მოსწავლისთვისაც. სწორედ Etaloni.ge-ს დამსახურებაა, მოსწავლეები საკუთრი შრომის შედეგს რომ ხედავენ, სურვილი უჩნდებათ, ჩაერთონ Izrune.ge-ს პროექტში. ჩვენ ხომ იმისთვის ვმუშაობთ, რომ დავდოთ შედეგი და როდესაც ამ შედეგს უამრავი ადამიანი ხედავს, ბუნებრივია, ეს მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც დიდ სტიმულს აძლევს.
დალი ასლანიშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტიის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლის დირექტორი:
- წელს 6 ბავშვი მივიღეთ პირველ კლასში და ეს მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის კარგი მაჩვენებელია; ბავშვები კარგად სწავლობენ, მოტივაციაც აქვთ და ეს ერთგვარად Etaloni.ge-ს დამსახურებაა. საიტი სკოლის პოპულარობას უწყობს ხელს და ბავშვებიც მონდომებულები არიან, უკეთესი პროექტები შემოგვთავაზონ. როდესაც ხედავენ, მათი შრომა ფასდება, ეს აორმაგებს ენთუზიაზმს.