ვაფლისა და შოკოლადის ბატონი, ჟელესა და კარამელის კანფეტები - ეს იმ სასაჩუქრე ნაკრებში შემავალი ტბილეულის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტო საახალწლოდ ბაღის აღსაზრდელებს დაურიგებს.
62 000 საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების შესაძენად, სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა და 434 000 ლარი გამოყო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. რომელი კომპანია გახდება გამარჯვებული „ბარამბო“ თუ შპს „კვება 2015“, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
ტენდერის პირობებით განსაზღვრულია, რა ტიპის და რა ოდენობის ტკბილეული უნდა შედიოდეს სასაჩუქრე ნაკრებში. საერთო ჯამში თითო ნაკრებში ტკბილეულის მინიმალური რაოდენობა 450 გრამის არ უნდა ჩამოსცდეს.
იხილეთ სასაჩუქრე ნაკრების შემადგენლობა:
სააგენტოს მოთხოვნის მიხედვით, თითოეული სახეობის ტკბილეული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს. კერძოდ, თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N 301/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების“ შესახებ რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმებს (შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული), კონსერვატებს, გმო-ს და ორგანიზმისთვის სხვა საშიშ ქიმიურ ელემენტებს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გამარჯვებულად გამოვლენისთანავე, დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები და საქონლის მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, მითითებულ ობიექტებზე.