რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
ურუშაძე 1999-2000 წლებში სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004 წლებში კი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო.
ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია შემდეგი ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989), „აქ თენდება“ (1998), „სამი სახლი“ (2008), „დარჩი ჩემთან“ (2011), „ბოლო გასეირნება“ (2012), „მანდარინები“ (2013); გადაღებულია ფილმში: „მე მოვედი“ (1981).
2013 წელს ურუშაძის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული ფილმი „მანდარინები“ ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.