საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ რეგიონების მასშტაბით ეროვნული ოლიმპიადების მონაწილე საუკეთესო შედეგების მქონე 207 მოსწავლეს სხვადასხვა პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა.
ამ ტიპის დაჯილდოება ოლიმპიადების ისტორიაში წელს პირველად გაიმართა და მისი მთავარი მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეთა წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა, რაც მიმართულია მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდისკენ. რეგიონების მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა გამოვლენა ოლიმპიადის პირველი და მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, საგნებისა და კლასების შესაბამისად, მოხდა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და წელს მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლის X-XII კლასების 35000-მდე მოსწავლემ მიიღო.
2018-2019 სასწავლო წელს ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული) და ინფორმატიკა. ოლიმპიადა ასევე, ჩატარდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი). ოლიმპიადის ჩატარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო და ის 3 ეტაპს - სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა.
ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგად გამოვლენილი 18 პირველი ადგილის, 17 მეორე ადგილის, 16 მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, მოპოვებული ადგილების შესაბამისად, უკვე დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებმა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები მიიღეს.