ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებას“ დაემატა ინფორმაცია სტუდენტების მონაცემების დამუშავების შესახებ.
ცვლილების მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პრედიქტული ვალიდობის კვლევის ჩატარების მიზნით, ცენტრში არსებულ ინფორმაციასთან (მათ შორის, პერსონალურ მონაცემებთან) ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს სტუდენტთა აკადემიური შეფასების შესახებ ინფორმაცია, შემდეგი პერსონალური მონაცემების ჩათვლით: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, მიმდინარე სემესტრი და სასწავლო კურსებში მიღებული შეფასებები.