პირველად საქართველოში მეჩარხის პროფესიული პროგრამა დაინერგა, რომლისთვისაც 250 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა
16-12-2019

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოში პირველად, მეჩარხის პროფესიული პროგრამა დაინერგა, რომლისთვისაც  250 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ახალ პროგრამას, კოლეჯის საქმიანობას და განახლებულ სასწავლო ლაბორატორიებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნო. 

„შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი პროფესიის სწავლებისთვის მოეწყო და აღიჭურვა შესაბამისი სასწავლო ლაბორატორია. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 256 000 ლარია. 

კოლეჯში ასევე წარმატებით ხორციელდება 20-22 თვიანი, სხვადასხვა მიმართულების სარკინიგზო-სატრანპორტო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამები. ამ ეტაპზე კოლეჯს 350-მდე პროფესიული სტუდენტი ჰყავს, მათ შორის 31 ქალბატონია.

აღსანიშნავია, რომ თეორიული კურსის დასრულების შემდეგ, კოლეჯის სტუდენტები უშუალოდ საქართველოს რკინიგზის ობიექტებზე გადიან სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას და ამასთანავე, შრომით ანაზღაურებას იღებენ.

„სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები გარანტირებულად საქმდებიან საქართველოს რკინიგზის საწარმოებში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით სრულად რეაბილიტირდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, რაზეც ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. კოლეჯი, სადაც კვალიფიციური პედაგოგები და დარგის სპეციალისტები მუშაობენ, 2018 წელს ამოქმედდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203