მიეცემათ თუ არა სკოლაში დასაქმების შანსი მაძიებლებს, რომლებმაც საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს?
18-12-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა პრაქტიკოს პედაგოგებს ახალი შანსი მისცა. თუ აქამდე ცნობილი იყო, რომ პრაქტიკოსი პედაგოგების ადგილი ვაკანტურად იანვრიდან გამოცხადდებოდა და მათ ადგილს მასწავლებლობის მსურველები დაიკავებდნენ, ახალი ინფორმაციით, პრაქტიკოსებს სკოლებში ხელშეკრულებები არ შეუწყდებათ, თუ ამის სურვილს თავად არ გამოხატავენ.

პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასრულებს 2019-2020 სასწავლო წელს, ასევე ისარგებლებს ზაფხულის საშვებულებო პერიოდით.

რაც შეეხება ახალ სასწავლო წელს, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყება, დირექცია საათებს გადაანაწილებს, საჭიროების შემთხვევაში კი ახალი მასწავლებლის დასასაქმებლად  კონკურსს გამოაცხადებს.

მინისტრის ბრძანების თანახმად, სკოლა უფლებამოსილია კონკურსების შედეგებიდან გამომდინარე განიხილოს პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი.

ამ ცვლილებაზე დაყრდნობით, გამოდის, რომ მაძიებლებს სკოლაში დასაქმების ნაკლები შანსი რჩებათ. მართალია, ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, მაძიებელსაც შეუძლია, სკოლაში თავისი რეზიუმე გაგზავნოს, თუმცა დიდი ალბათობაა, რომ ვაკანსიები ისე მასშტაბურად აღარ გამოცხადდეს, როგორც დაგეგმილი იყო.

აქვე უნდა ითქვას, რომ საპენსიო ჯილდოზე განაცხადი 2 000-მდე პედაგოგმა უკვე გააკეთა. სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან პენსიონერ პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად განაცხადის შეტანა 31 დეკემბრამდე ისევ შეუძლიათ. სკოლაში სამუშაო საათები მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, როდესაც ეს პედაგოგები პროფესიიდან გავლენ. თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკა გვიჩვენებს, როდესაც პედაგოგი სკოლას ტოვებს, მის საათებს, ხშირ შემთხვევაში, იმავე სკოლის სხვა მასწავლებლები ინაწილებენ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, პრაქტიკოსი პედაგოგების სკოლის მიღმა დარჩენა, გაურკვეველი დროით გადაიწევს. შესაბამისად,  მაძიებლებს, რომლებმაც საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურეს, ისევ ლოდინი მოუწევთ. სკოლებში ახალი კადრების დასაქმება კვლავ პრობლემად რჩება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203