პირველ სტუდენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლის სექტემბერში მიიღებს
20-12-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისასქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას.

„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ქუთაისში მიმდინარე მეგა-პროექტის -  „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დაფუძნებას. ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული საგანმანათლებლო სივრცე.  უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მისმა ოჯახმა პროექტისთვის ერთი მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს მიუნჰენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. შედეგად შეიქმნა აკადემიური პროგრამები. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითაც სწავლობენ მათი თანატოლები გერმანიაში. 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს. ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან და იაპონიიდან. უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდის საშუალებით უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერებიც.

უაღრესად მნიშნველოვანია აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს  ადრონული თერაპიის ცენტრი;  იგი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ ფინანსდება. ცენტრში სიმსივნის უახლესი მეთოდებით მკურნალობასთან ერთად, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სამეცნიერო კვლევას მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. ასე რომ, ადრონული თერაპიის ცენტრი, უდიდეს სამედიცინო მნიშვნელობასთან ერთად, იქნება მეცნიერებისა და კვლევის მძლავრი ცენტრი.

უნივერსიტეტის მშენებლობის პირველ ფაზაში აშენდება სამი სასწავლო კორპუსი, სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა; ასევე, მთელი კამპუსისთვის განკუთვნილი სასადილო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტისას შევხვდი იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრს, ჰაგიუდა კოიჩის. მე მას გავაცანი საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე.  მათ შორის იმაზეც, თუ როგორ შეიძლება იაპონია ჩაერთოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში.

შეხვედრები და მოლაპარკებები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, საერთაშორისოდ აღიარებულ მკვლევარებთან კვლავაც გაგრძელდება. შედეგად, უნივერსიტეტი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აკადემიური პროცესების მიმართულებას, ზოგადად ინტელექტუალურ ატმოსფეროს ჩვენს ქვეყანაში და მთელ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203