მეთოდი, რომელიც მასწავლებელს ყველა მოსწავლეს შეაყვარებს
23-12-2019

„სენდვიჩის მეთოდი“ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთ-ერთ წარმატებულ მეთოდად ითვლება. მისი საშუალებით, მასწავლებელს შეუძლია, ისე მიუთითოს მოსწავლეს შეცდომაზე, რომ ამან მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე ცუდად არ იმოქმედოს. უფრო მეტიც, „სენდვიჩის მეთოდის“ გამოყენებისას მოსწავლეების მოტივაცია მაღლდება და მათ სურვილი უჩნდებათ, დავალებები მაქსიმალურად ყურადღებით შეასრულონ.

მასწავლებელი უნდა ერიდოს მოსწავლის გაკრიტიკებას, რადგან მოზარდები ამას ხშირად ზომაზე მეტად განიცდიან. შეიძლება მათ ვერ გამოხატონ წყენა, თუმცა მოსწავლეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მათ სწავლის სურვილზე ეს ფაქტი ცუდ გავლენას ახდენს.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მეთოდს, რომელიც მოსწავლეს თქვენს საგანსა და თქვენთან ურთიერთობას შეაყვარებს. სწავლების ეს სტილი შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს. კრიტიკა ამ მეთოდში მოცემულია შექებასთან ერთად.

როგორც იცით, სენდვიჩი შედგება პურის ორი ნაჭრისა და შიგთავსისგან. მასწავლებლის კომენტარის აგებულებაც ასეთივე უნდა იყოს.

„პური“ - როდესაც მოსწავლის შეფასებას დაიწყებთ, პირველ რიგში, აღნიშნეთ დადებითი, უთხარით მას კომპლიმენტი.

„შიგთავსი“კომპლიმენტის შემდეგ მიუთითეთ შეცდომაზე, რომელიც დაუშვა მან დავალების შესრულებისას. მიეცით რჩევა, დააფიქრეთ.

„პური“ - ბოლოს კი, ისევ კომპლიმენტით დაასრულეთ.

მაგალითად, მოსწავლემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც სრულყოფილად არაა შესრულებული, ან მასში დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა და სხვა ხარვეზები. 

1.     („პური“) - გადაუხადეთ მოსწავლეს მადლობა, რომ არ დაავიწყდა დავალების შესრულება და წარადგინა პრეზენტაცია;

2.     („შიგთავსი“) - მიუთითეთ შეცდომაზე, რომელიც დავალების შესრულებისას დაუშვა;

3.     („პური“) - აღნიშნეთ, რომ მისი მოსაზრებები საინტერესოა და კვლავ გადაუხადეთ მადლობა საინტერესო მსჯელობისთვის.

კარგი იქნება, თუ ამ მეთოდის სტრუქტურას თავად მოსწავლეებსაც გააცნობთ და მათაც შეაფასებინებთ თანაკლასელს. „სენდვიჩის მეთოდით“ ერთმანეთის შეფასება  გაახალისებს ბავშვებს. ისინი შეეცდებიან, კლასელის ნაშრომში როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეების აღმოჩენას.

„სენდვიჩის მეთოდი“, სასკოლო ცხოვრების გარდა, გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. თუ არ გინდათ, რომ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს კრიტიკით გული ატკინოთ, გამოიყენეთ ეს მეთოდი ურთიერთობებში. „სენდვიჩის მეთოდი“ ასევე ძალიან პოპულარულია გაყიდვებსა და საცალო ვაჭრობაში - გამყიდველები  მას იყენებენ პოტენციურ მომხმარებლებთან პროდუქტის გასაცნობად.

თუ ამ მეთოდს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გამოიყენებთ, მალევე აღმოაჩენთ, რომ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო და გულწრფელი გახდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203