ლია გიგაურმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადასცა, რომელიც განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო.
სტიპენდია სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შარშან დაწესდა და წელს დაჯილდოების მეორე ღონისძიება გაიმართა.
წლევანდელი გამარჯვებულები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გვალია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქეთი ილურიძე გახდნენ. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არიან.
სტუდენტები, სტიპენდიის სახით, 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებენ.
„წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტების უპრეცედენტო რაოდენობა გვყავდა და სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობაც გვყავს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ. მათგან 92-მა ახალგაზრდამ ეროვნულ გამოცდებზე ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულისა, მათ არ დაიშურეს ძალისხმევა, კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლადამთავრებულებს კონკურენცია გაუწიეს და ასეთი მაღალი შედეგი აჩვენეს“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორები და სტუდენტები.