ახალციხის N5 სკოლაში ორიგინალური თამაში ''მოაზროვნე პოლუსები'' გაიმართა
15-06-2017

ახალციხის N5 სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე VIII-IX კლასის მოსწავლეებთან დაიგეგმა ერთობლივი ინტელექტუალურ-მუსიკალურ-შემეცნებითი თამაში ''მოაზროვნე პოლუსები''.

აღნიშნული კათედრის ყველა მასწავლებლის (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) აქტიური მონაწილეობით მომზადდა საინტერესო და სხვადასხვა უნარზე გათვლილი კითხვები, გაკეთდა ელექტრონული დამხმარე რესურსები. 

სკოლის სააქტო დარბაზში, სადაც სიახლის მოლოდინით აღსავსე, მაგრამ ოდნავ დაძაბული  მოაზროვნეები მოუთმენლად ელოდნენ თამაშის დაწყებას, გაიმართა ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პაექრობა გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის.

მათ შორის პაექრობა ხომ სამყაროს დასაბამიდან იღებს სათავეს, ის საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა, გამარჯვების სასწორი ხან ერთ მხარეს იხრებოდა და ხან მეორე მხარეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც გაურკვეველი რჩებოდა... 

თამაში მოიცავდა ზოგადი და საგნობრივი კითხვების ტურს, აგრეთვე არჩევითი კითხვების ტურს. სახელდახელოდ მოწყობილ სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდებს შეეძლოთ აერჩიათ კითხვები მათთვის საინტერესო კატეგორიიდან, რომლებიც სლაიდებზე იყო მოცემული.

მოსწავლეები მუსიკალურ კითხვაში ისმენდნენ სიმღერას და ერთ წუთში პასუხს სცემდნენ სიმღერის ტექსტის მიხედვით დასმულ შეკითხვებს (სამივე საგნობრივი მიმართულებიდან). იყო აგრეთვე კითხვები პოეზიიდან და ექსპერიმენტული ვიდეოშეკითხვა. თამაშის მსვლელობისას მოსწავლეებს შეეძლოთ მხოლოდ ერთხელ გამოეყენებინათ დახმარება დარბაზში მყოფი მოსწავლეებისაგან და ერთხელ მოეთხოვათ დამატებითი წუთი. 

ბოლოს კაპიტნების კონკურსი გაიმართა. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაებნენ პაექრობაში, მოეხსნათ ის დაძაბულობა, რომელიც თამაშის დასაწყისში ჰქონდათ.

თამაშის შედეგებს იხილავდა და აჯამებდა კომპეტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, მისი მოადგილე  ზოია ბალიაშვილი და ორი მასწავლებელი კათედრიდან-კლარა კუპრეიშვილი და ცარო ლეკიშვილი.

სამყაროს დასაბამიდან დაწყებული პაექრობა ''მოაზროვნე პოლუსებს'' შორის ხომ დღესაც გრძელდება, ჩვენი გოგონები და ვაჟები შეეცადნენ გაერკვიათ, ვინ უფრო ძლიერია, ვინ უკეთესად აზროვნებს, ვინ ადვილად პოულობს გამოსავალს... მაგრამ... პაექრობა თანაბარი ქულებით დასრულდა... და ყველაფერი ისევ გაურკვეველი დარჩა... ალბათ ასეც უნდა იყოს, გოგონა და ვაჟი, ქალი და მამაკაცი ხომ ერთი სამყაროს ორი საპირისპირო პოლუსია, როგორც დღე და ღამე, ცა და დედამიწა, ცეცხლი და წყალი... ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, საპირისპირო, მაგრამ მაინც ერთამენეთისგან განუყოფელნი.

ავტორი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი, ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203