15 იანვარს, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, საჯარო სკოლებში ხვალ სასწავლო პროცესი აღდგება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.
ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.