10 ამბავი, რომელიც სწავლის განახლების შემდეგ გახდა ცნობილი - რა სიახლეები იქნება სკოლებში ახალი სემესტრიდან?
18-01-2020
გავრცელებული ვირუსების გამო არდადეგების გახანგრძლივების მოლოდინი არ გამართლდა და სკოლებში სწავლა 15 იანვარს განახლდა. შესაბამისად, უფრო გააქტიურდა საგანმანათლებლო სფეროც და ეს კვირა სიახლეებით საკმაოდ დატვირთული იყო. 

რა ამბები გახდა ცნობილი სწავლის დაწყების კვირაში? - მივყვეთ დეტალურად:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილებაა. ჩხენკელის ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლის ვალდებულება, პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10%-ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განსაზღვრის თაობაზე, არ ვრცელდება იმ საჯარო სკოლებზე, რომლებიც გათვალისწინებულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების №4 და №6 დანართებით.

მეორე მუხლში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების და ცვლილების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

ჩხენკელის ბრძანებით შევიდა ცვლილება ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში. მინისტრის ბრძანებით, დებულებას ერთი პუნქტი დაემატა. სიახლის მიხედვითაც, რესურსცენტრის უფროსის და საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინარული წარმოების დაწყება/შეწყვეტის, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გათავისუფლების უფლება განათლების მინისტრს ენიჭება.


კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება ჯერ არ დაწყებულა.  განათლების სამინისტროს განმარტებით, დოკუმენტზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს. კონკრეტული ვადებისა და  სიახლეების შესახებ კი ცნობილი მას შემდგომ გახდება, რაც დოკუმენტი მზად იქნება.

„დოკუმენტი ჯერ მზად არ არის, მუშაობა მიმდინარეობს. ცოტა ხანში წარმოვადგენთ დოკუმენტს, სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად ჩართულია ამ პროცესებში. მიმდინარეობს კონსულტაციები და მზა დოკუმენტში როგორც იქნება განსაზღვრული ვადები და პროცედურები, ამის შესაბამისად მოხდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადეს სამინისტროში.

ახალ სემესტრის დაწყებისთანავე მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების კიდევ 8 საჯარო სკოლაში შევიდა. უწყების ინფორმაციით, 2020 წელს უწყების წარმომადგენლები დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევლენ. წლის დასასრულს, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, საქართველოს მასშტაბით, 718 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

ამ კვირაში რამდენიმე საინტერესო სიახლე მასწავლებლებისთვისაც გამჟღავნდა. მათ შორის ყველაზე ხმაურიანი იყო პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის მოსალოდნელი ცვლილება, რომელიც რეალობად შესაძლოა მალე იქცეს. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის,  რომლებმაც სტატუსის ამაღლებისთვის ყველა სავალდებულო აქტივობა გაიარეს, მაგრამ ვერ დააგროვეს საჭირო 19 კრედიტქულა, გარდამავალ დებულებაში უკვე შესულია ცვლილებები და მათ მიეცემათ მეორე შანსი. ამის შესახებ „ეტალონს“ მასწავლებელთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ განუცხადა. 

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ მასწავლებლებს გამოცდების ხელახლა ჩაბარება არ მოუწევთ, რაც, კობახიძის თქმით, მათი უფლებების დარღვევა იქნებოდა;  სამაგიეროდ, ვისაც დააკლდა ნახევარი, 1 ან 2 კრედიტქულა, მათთვის მასწავლებლის სახლი გამოაცხადებს 4-კრედტიან ტრენინგპროგრამას და მისი წარმატებით დაძლევის შემდეგ, მასწავლებლებს მიენიჭებათ უფროსის სტატუსი. 

საინტერესო ინფორმაცია გაუმხილა კობახიძემ „ეტალონს“, რომელიც რუსულენოვანი სკოლების რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ეხებათ. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე ნორმატიულ აქტში ცვლილებას შეიტანენ, რომლის მიხედვითაც, რუსული ენისა და ლიტერატურის ის მასწავლებლები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ რუსული, როგორც მეორე უცხოური ენა, სტატუსის დანამატს მიიღებენ

ჯერჯერობით, ესაა პროექტი, თუმცა როგორც  მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძე განაცხადა, განხილვები უკვე დაწყებულია, განათლების სამინისტროც საქმის კურსშია და მთავრობის სხდომაზე ამ ცვლილებებს აუცილებლად დაამტკიცებენ.

უფროსი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის, რომლებიც გარე დაკვირვებას წარმატებით ვერ გაივლიან, შეღავათის გაკეთების საკითხი არ განიხილება.

„ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიეცემათ თუ არა შანსი იმ პედაგოგებს, ვინც გარე დაკვირვებას ვერ გაივლის. ეს საკითხი განხილვაში არ არის, როგორც კი რაიმე სიახლე გახდება ცნობილი, ჩვენს ვებ-გვერდზე ინფორმაციას განვათავსებთ“, - აცხადებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.

უფროსმა პედაგოგებმა წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო აქტივობები განახორციელეს. მათთვის საბოლოო და გადამწყვეტი გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარება იყო. გარე დაკვირვების წარმატებით გავლა პედაგოგს 4 კრედიტს ანიჭებდა, თუმცა ეს ბოლო საფეხური პედაგოგების ნაწილისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. გარე დაკვირვების ვადები პედაგოგებს ინდივიდუალურად მიუვიდათ და ჯერ მათ უმრავლესობას ბოლო და გადამწყვეტი საფეხური არც გაუვლია.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებს იანვრის ბოლოს მიიღებენ, ხოლო ხელფასზე დანამატი მაღალმთიან რეგიონში დასაქმების პირველივე თვიდან დაერიცხებათ. ყველა საგნის კურსდამთავრებულს, ვინც პროგრამის სრული კურსის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი დაძლია, სერტიფიკატი გადაეცემა. მათ პროგრამის კურსდამთავრებულებს უფლება ეძლევათ, მიიღონ სკოლაში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და გააგზავნონ რეზიუმე სასურველ ვაკანსიაზე. სამოტივაციო წერილში კი უნდა მიუთითონ, რომ გაიარეს „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“.

„ყველას შეუძლია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაგზავნოს CV. აღნიშნეთ რეზიუმეში, რომ გაიარეთ „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ სრული კურსი“, - მიმართავს კურსდამთავრებულებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის გამოცდა 5 თებერვლის 10:00 საათზე ჩატარდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. გამოცდის ჩატარების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. იმ სტუდენტებმა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და სწავლის გაგრძელება საქართველოში სურთ, რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. 

და ბოლოს, მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობას კარგად  გამოკითხულთა მხოლოდ 23 %, ხოლო ცუდად 30 % აფასებს.

როგორ შეაფასებდით განათლების სამინისტროს საქმიანობას? - კითხვაზე გამოკითხულთა 30% პასუხობს, რომ ცუდად; 32% საშუალოდ აფასებს, 23% -კარგად; ხოლო 15%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ცნობისთვის, მალე ამოქმედდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, რომელშიც ყველაფერი იქნება გაწერილი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საინტერესო სიახლეები აქტიურად გაგრძელდეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203