თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი ბავშვები პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახი კალაძემ გაავრცელა.
„გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.