ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში განათლების სისტემას 2 საშუალო რგოლის მენეჯმენტის ჯგუფი ემატება. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-ს განუცხადა, სამინისტროსა და რესურსცენტრს; დირექტორსა და მასწავლებელს შორის იქმნება საშუალო რგოლის მენეჯმენტი, რომელიც მასწავლებლებს საშუალებას მისცემს ნებისმიერი პრობლემა ადგილზე გადაჭრან.
„დღესდღეობით, სამინისტროსა და სკოლას შორის არ არსებობს მსხვილი რგოლის მენეჯმენტი, რომელიც მეთოდოლოგიურად დაეხმარება სკოლას (შეგახსენებთ, რომ რესურსცენტრს არ აქვს მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ფუნქცია). მსგავსი სიტუაციაა სკოლაშიც, სადაც არის დირექტორი და მასწავლებელი და მათ შორისაც არ არის საშუალო რგოლის მენეჯმენტი. სწორედ ამის გამო, განათლების სამინისტროს შევთავაზეთ სისტემაში ჩაშენებულიყო ორი ტიპის საშუალო მენეჯმენტის რგოლი. ერთი სამინისტროსა და რესურსცენტრს შორის და მეორე - სკოლაში დირექტორსა და მასწავლებლებს შორის“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სამინისტროსა და რესურსცენტს შორის ჩაშენებული მენეჯმენტთა ჯგუფი 14 წევრისგან იქნება შემდგარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე საშუალო რგოლის მენეჯმენტთა ჯგუფი 23 რეგიონში ფუნქციონირებს:
„სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და რეგიონების დონეზე შეიქმნება 14 საგნობრივი ექსპერტისგან შემდგარი მხარდამჭერი ჯგუფი, მათ შორის იქნებიან ინკლუზიური განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტები. მაგალითად, მე თუ ვარ ცაგერის სკოლის მასწავლებელი და მაქვს კითხვა, რომელზე პასუხიც არ აქვს არც დირექტორს და დირექტორის მოადგილეს, სად უნდა წავიდე, სად უნდა ვეძებო დახმარება. რესურსცენტრის დონეზე მსგავსი სპეციალისტი არ არის, ანუ მასწავლებელი უნდა ჩამოვიდეს მასწავლებლის სახლში. წარმოგიდგენიათ, რომ ცაგერის სკოლის მასწავლებელი ასე ბედის ანაბარა იყოს მიტოვებული სკოლაში?! ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლაში ჩავაშენოთ საშუალო რგოლის მენეჯმენტი, რომელიც შეასრულებს მასწავლებლისთვის ადგილზე მხარდამჭერის ფუნქციას. ხოლო თუ მე მასთან ვერ გავივლი კონსულტაციას და ვერ შევძლებ პრობლემის გადაწყვეტას, შემდგომ უკვე რაიონის დონეზე მყავს საგნის ექსპერტიც, ინკლუზიური განათლებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტი, ანუ ყველაფერზე პასუხის მიღება შემეძლება ადგილიდან - სისტემის დეცენტრალიზაცია ეს არის. ახლა მსგავსი ჯგუფი 23 რეგიონში არსებობს, სწორედ ამდენ რეგიონში მიმდინარეობს ახალი სკოლის მოდელი, ხოლო შემდგომ ნელ-ნელა მოიმატებს ამ ჯგუფების რაოდენობა და ყველა რეგიონის დონეზე იქნებიან წარმოდგენილნი. ახალი სკოლის მოდელში ჩართულია 500-მდე ექსპერტი და სწორედ აქედან მოხდება მათი შერჩევა და გადამზადება. ხოლო სექტემბრიდან უკვე ადგილზე იმუშავებენ ეს ადამიანები. ამასთან, ეს იქნება სრულ განაკვეთიანი სამსახური“.