ზაფხულში, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც უკვე ჩაბარებული საგნის გამოცდაზე მეორედ გავლენ, შეეძლებათ წინა გამოცდაზე მიღებული შედეგიც შეინარჩუნონ.
როგორც etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პრაქტიკოს პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი და ძველი გამოცდის შედეგები ერთმანეთს შეადარონ და რომელშიც უფრო მაღალი ქულა ექნებათ, ის შედეგი დაიტოვონ. ცენტრისვე განმარტებით, ეს კიდევ ერთი შეღავათია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სისტემაში დარჩენა და სტატუსის ამაღლება სურთ.
„პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ და მიღებული აქვთ დაბალი ქულები, შესაძლებლობა მიეცემათ ხელახლა ჩააბარონ გამოცდა და უკეთესი ქულა მიიღონ. ანუ საშუალება ექნებათ შეადარონ ახალი და წინა გამოცდის შედეგები და უკეთესი ქულა სადაც აქვს ის აიღონ და გაიუმჯობესონ მდგომარეობა“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.
ცნობისთვის, აქამდე არსებული წესის მიხედვით, პრაქტიკოს პედაგოგებს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება უუქმებდა, მათ მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.