2020-2021 სასწავლო წლიდან ჩვენთან ამერიკიდან Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტი ჩამოვა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისურ ენას ასწავლიან. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადს.
უწყების ინფორმაციით, ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.
„გაფართოვდება Fulbright-ის პროგრამა, რომლიც გულისხმობს იმას, რომ ამერიკიდან საქართველოს 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, ვინც იმუშავებენ უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლებისა და უცხოენოვანი პროგრამების განვითარების მიმართულებით. ეს ინიციატივა დადასტურებულია, გაზაფხულზე ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს და 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩვენთან უკვე Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტები დაიწყებენ მუშაობას“, - განაცხადა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინა აბულაძემ.
პროექტი გულისხმობს, ინგლისური ენის სწავლებისა და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის – კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება, რომლის ფარგლებში Fulbright-ის ახალ პროექტს სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს.
განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის ნინო ჭიჭელიძის თქმით, ასისტენტები უნივერსიტეტებთან 9-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტებს მიექცევა.
„2017 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც fulbright-ის ხელშეკრულებას ვუწოდებთ, რეალურად ეს არის ორ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც აკადემიურ სივრცეში fulbright-ის სქემის დანერგვას გულისხმობს. აღსანიშნავია რომ სულ 35 ასეთი სქემა არსებობს საიდანაც ერთ-ერთი არის ინგლისური ენის თანამასწავლებლობის პროგრამა. აღსანიშნავია, რომ აქცენტი იქნება რეგიონებზე. თანამასწავლებლებს ეყოლებათ ქართველი თანამასწავლებლები რომელთაც გაუზიარებენ თავიან სამასწავლებლო გამოცდილებას, აგრეთვე მათ შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ რეგიონალურ პროექტებშიც.
აღსანიშნავია, რომ ეს არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის, მასწავლებლის ჯგუფის თუ სტუდენტების დახმარება, არამედ ეს არის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა.
ETA-ის 9 თვიანი კონტაქტი ექნება უნივერსიტეტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ კურიკულუმის გაუმჯობესებაში, არსებულის სასწავლო მეთოდების შემოტანასა და უშუალოდ სწავლების პროცესში“, - განაცხადა ნინო ჭელიძე.