გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენბას ითხოვს. ამ მოთხოვნით ადგილობრივები სოფლის გასასვლელში შეიკრიბნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 70-მდე სკოლის მოსწავლე მეზობელ სოფლების, ტყვიავისა და მერეთის სკოლებში სწავლობენ.
„ვიდრე სოფელ ქერეში ძველ სკოლას რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება, არ ვაპირებთ, ბავშვები გავუშვათ სხვა სოფლის სკოლაში. ძალიან რთულია ერთი სოფლიდან მეორე სოფელში სიარული“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
სექტემბრიდან 70-მდე ბავშვს ყოველდღიურად მეზობელი სოფლების სკოლებში უწევს სიარული, პატარები კი თითქმის 3 წელი ფლავის საბავშვო ბაღში დაჰყავთ.
აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარეაბილიტაციოდ სექტემბრიდან დაიხურა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. შესაბამისი პირობები, მათი თქმით, არც სხვა სკოლებშია, ამასთან, ტრანსპორტიც შეფერხებით დადის და მოსწავლეებს ფეხით 8 კილომეტრის გავლა უწევთ.
ამასთან, ისინი სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვენ.