შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის გამოცდის ჩატარების დრო შეიცვალა.
ცენტრის განცხადებით, საქართველოში სწავლის გაგრძელების მიზნით 24 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ტესტირება 5 თებერვლის 15:00 საათზე (ნაცვლად 10:00 საათისა) ჩატარდება.
მისამართი: თ. იოსებიძის N50 - ქ. თბილისის N161 სკოლის შენობა.
საგამოცდო ცენტრში აპლიკანტი რეგისტრაციის გასავლელად 14:30 საათზე უნდა გამოცხადდეს და თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. დაგვიანების შემთხვევაში, გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტს უფლება აქვს იქონიოს:
- წყალი (პლასტმასის ბოთლით);
- პირადი ჰიგიენის ნივთები;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, ცენტრის თანხმობით.
ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კალმით და სხვა საჭირო ნივთებით. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
წაკითხულის გააზრება - 7 დავალება;
ლოგიკური მსჯელობა - 7 დავალება;
რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
ცენტრი გამოაქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე:
www.naec.ge
ა) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა;
ბ) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც ვერ ჩააბარეს გამოცდა.
მონაწილემ, რომელმაც რეგისტრაციის დროს მიუთითა სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვა), შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) უნდა წარმოადგინოს ცენტრში 31 იანვრის 18:00 საათამდე.
ტესტირებისათვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 29 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ე. მინდელის N9.