სახელმწიფო ინსპექტორმა „მწვანე სკოლის“ მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევა დაადგინა
28-01-2020

დავადგინეთ, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.  აღნიშნული დარღვევისთვის სკოლა 500 ლარით დაჯარიმდა.

მისივე ინფორმაციით, ხელმეორედ დაიკითხა გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის დედა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება.

„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. გამოძიების დასრულებისთანავე უფრო მეტ დეტალს გეტყვით.

რაც შეეხება „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას,“- განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მოზარდმა თვითმკვლელობა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203