მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რეჟისორ ლევან გაბაძის მიერ „ლურჯ ვეშაპზე“ გადაღებულ ფილმს მალე სკოლებში აჩვენებენ, არაზუსტია. როგორც ეროვნულ კინოცენტრში etaloni.ge-ს განუცხადეს, მათ არც ფილმის სკოლებში ჩვენების ინიციატივა ეკუთვნით და არც მსგავსი რეკომენდაცია გაუციათ.
„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რეჟისორსაც ვესაუბრეთ. ზოგადად სკოლებში კინოჩვენება, რომ იგეგმება ჯერ ნახულობენ ჩვენი მენეჯერები, შემდგომ რეკომენდაციას გასცემენ და შემდგომ გადაწყვეტილებას იღებენ სხვადსხვა ტიპის ექსპერტები. ამ ფილმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ ძალიან გაგვიკვირდა, როცა ვნახეთ, რომ თურმე ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით უნდა მომხდარიყო ფილმის ჩვენება. ეს ინფორმაცია არაზუსტია“, - განგვიცხადეს ეროვნულ კინოცენტრში.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ, საგანმანათლებლო პროექტის „კინო სკოლაში“ მენეჯერს თეა გაბიძაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნულ ფილმის სკოლაში ჩვენების იდეა ცენტრს მხოლოდ გასულ კვირას მიაწოდეს და ამ დრომდე არავითარი ტიპის მოლაპარაკებები არ არის დაწყებული.
„რეჟისორმა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს აჩვენა ფილმი და იკითხა შესაძლებელი იყო თუ არა ამ პროექტის ფარგლებში ფილმი სკოლებში ეჩვენებინათ. სხვა ტიპის მოლაპარაკება ჩვენ არ გვქონია.
ზოგადად პროექტის ფარგლებში ირჩევა ისეთი ფილმები, რომელიც მისაღებია ბავშვებისთვის. ამ ფილმს უყურებენ კინოექსპერტები, განათლების სპეციალისტები და შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა ფილმები შეიძლება მოხვდეს პროექტში. ამ ფილმის ჩვენების იდეა კი წინა კვირას მოგვაწოდეს. ჩვენ მივაწვდით სპეციალისტებს და ვნახავთ რამდენად შეესაბამება ფორმატს.
ზოგადად კი ვაჩვენებთ ისეთ ფილმებს, რომლებიც კინოკლასიკადაა მიჩნეული და მისი საგანმანათლებლო დატვირთვა აპროbირებულია საერთაშორისო სივრცეში“, - განაცხადა თეა გაბიძაშვილმა.
ცნობისთვის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით რეჟისორ ლევან გაბაძის მიერ „ლურჯ ვეშაპზე“ გადაღებულ 15 წუთიან მხატვრულ ფილმს აჩვენებდნენ, რომელიც სახიფათო ინტერნეტთამაშის შესახებ მოგვითხრობს.