1000 დოლარად გაყიდული ვაკანსიები საჯარო სკოლაში?! - დირექტორი ბრალდებებს პასუხობს
31-01-2020

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო გოგინავამ ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში განცხადება შეიტანა და იმ ფაქტების გამოძიებას ითხოვს, რაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა. საქმე ის გახლავთ, რომ რუსკა ცხადაიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ირწმუნებოდა, რომ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, 1000 დოლარს იღებს.

ნამდვილად შეიტანა თუ არა სარჩელი პოლიციაში, რამდენად შეესაბამება მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს და ზოგადად, რატომ დაუპირისპირდა ცხადაია გოგინავას? - ამ კითხვებზე პასუხების მიღება Etaloni.ge-მ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის დირექტორთან სცადა.

- მერწმუნეთ ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მაქვს; მისი ძმა იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე, ამ ოჯახს ჩემი თანადგომა და  მხარდაჭერა შეიძლება ახსოვდეს, როგორც ღირსეულ დირექტორსა და კარგ მასწავლებელს შეეფერება.

ამის შემდეგ ჩვენი გზები არ გადაკვეთილა და ყოველთვის კარგად მახსენდება ეს ოჯახი, რაც მაფიქრებინებს, რომ აბსოლუტურად სხვა ვიღაც ან რაღაც დგას ამის უკან.

- ეჭვი გაქვთ, ვინ გებრძვით, ქალბატონო ნინო?

- როდესაც პედაგოგებმა დამსახურებული ჯილდოთი დატოვეს სკოლა, ბუნებრივია, გამოცხადდა კონკურსი. კადრების შერჩევა აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართა რესურცენტრში... იყო ბევრი კონკურსანტი და კადრებიც შევარჩიეთ, ვინც ჩვენ სკოლას დაამშვენებდა.

განაწყენებაც მესმის - ვაკანტური ადგილი იმდენი რომ არაა, რამდენიც მსურველი, ყოველთვის ვიღაც რჩება ნაწყენი, თორემ ვერავინ წამომაძახებს, რომ სკოლაში დისციპლინა არ ვარგა ან სწავლების ხარისხია დაბალი. ყველაზე მტკივნეული, რასაც თავად ვებრძვი, ესაა აღებ-მიცემობის პრობლემა და სწორედ ამით დამიპირისპირდნენ.

- ამ ადამიანს სკოლაში დასაქმება სურდა?

- არა, მსგავსი არაფერი მომხდარა... დარწმუნებული ვარ, მას რომ გახსენებოდა, ვინ ვიყავი, პირველი თვითონ ამოიღებდა ხმას მსგავსი ბრალდებების წინააღდეგ.

- ქალბატონო ნინო, ახლა გამოძიება დაიწყება...

- გამოიძიებენ და დარწმუნებული ვარ, რასაც მაბრალებენ ამის დადასტურება არ მოხდება, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამ გოგონას მშობელსაც ვესაუბრე ტელეფონით, რომელიც ძალიან განიცდის, თანამიგრძნობს და ბოდიშსაც მიხდის... მერწმუნეთ, ეს ადამიანები ძალიან დიდი ღირებულებების მატარებლები არიან და ეს გოგონა უბრალოდ ვიღაცამ გამოიყენა. იმედი მაქვს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვინმე თუ სარგებლობს ჩემი სახელით, ესეც გაირკვევა. თუმცა არც ამის მჯერა, რადგან ჩემ სკოლაში მსგავსს არავინ იკადრებს. მე ვენდობი ჩემ მასწავლებლებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203