წლებია ხონის რესურსცენტრის უფროსია, თუმცა საგანმანათლებლო სისტემაში ბევრად ადრე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი. ჯერ კიდევ 1992 წლიდან მუშაობდა მეთოდისტად, სხვადასხვა სკოლაში გახლდათ მათემატიკის, ხაზვის მასწავლებელი. როგორც Etaloni.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, ეს ადვილი გზა არ ყოფილა, თუმცა ამაყობს, რომ ღირსეულად მოვიდა დღემდე. ხათუნა ქობალია, ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ორი შვილის დედა და არაჩვეულებრივი მზარეულია. აღნიშნავს, რომ ცდილობს, ისე შეუთავსოს სამსახური და ოჯახი, არც ერთი „ფლანგი“ არ დაზარალდეს. საბუთებით, ჯულიეტა ჰქვია და ისიც გვიამბო, როგორ შეხვდა თავის სოხუმელ „რომეოს“ - ვალერი ქობალიას; ვისაუბრეთ იმაზეც, როგორ მოხვდა ამ თანამდებობაზე და რა გზა განვლო დღემდე; ინტერვიუ კი „ეტალონის“ შეფასებით დაიწყო:
- ჩვენ განებივრებულნი არ ვართ მსგავსი პროექტებით და ამიტომ მიმაჩნია, ბავშვები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები. ისინი იღებენ თეორიულ ცოდნას, გარდა სასკოლო მასალისა, კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურა, სწავლობენ დამოუკიდებლობას, ეჩვევიან... „ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია და ოჯახის წევრად მიმაჩნია ბატონი გოჩა. იმედი მაქვს, ჩემი „ეტალონი“ მოსწავლე აუცილებლად მოხვდება საპრიზო ადგილას...
- ქალბატონო ხათუნა, იქნებ გვიამბოთ, როგორ გახდით საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი?
- 1992 წლიდან ვმუშაობ ხონის განათლების განყოფილებაში მეთოდისტად, პარალელურად ვმუშაობდი მათემატიკისა და ხაზვის მასწავლებლად სხვადასხვა სკოლაში... შემდეგ განათლების განყოფილებაში რეორგანიზაცია მოხდა, დაერქვა რესურსცენტრი და უკვე 2013 წელს გამოცხადდა კონკურსი რესურსცენტრის ხელმძღანელის პოზიციაზე... ჩავაბარე გამოცდები, გავიარე გასაუბრება და თამამად შემიძლია თქმა - ყველა საფეხური გავლილი მაქვს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ადვილი ნამდვილად არ ყოფილა.
- რას გულისხმობთ?
- ხონი ცოტა პრეტენზიულია, რადგან ეს მუნიციპალიტეტი ყოველთვის იყო განათლების და კულტურის ცენტრი და მეშინოდა, როგორ შეხვდებოდა მოსახლეობა თუ განათლების ადგილობრივი სისტემა ჩემ კანდიდატურას.
- და როგორ შეხვდნენ?
- ძალიან კარგად და ეს მახარებს... მართალია, ყველაფერი ისე არ იყო, როგორ მარტივადაც გიამბეთ - გვქონდა ათასი დაბრკოლებაც, წარმატებებიც ვგეგმავდით ღონისძიებებს, ვაწყობდით ოლიმპიადებს, რთული გზა განვვლეთ და უაღრესად დიდი პატივისცემა მაქვს ჩემი პედაგოგების მიმართ... მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა უდიდეს სიყვარულს, პატივისცემას ვგრძნობ თითოეული მათგანისგან და მჯერა, კვლავაც ასე იქნება.
- დღეს, ხონის რესურსცენტრი ისეთია, როგორიც გსურთ, რომ იყოს?
- ვფიქრობ, ბევრი რამაა გასაკეთებელი... უნდა გაუმჯობესდეს, მაღალ საფეხურზე ავიდეს; ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ამ წუთში ვხედავ, რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციაა და გული მიკვდება ამის გამო. საკმაოდ გამართული ინფრასტრუქტურა გვაქვს სკოლებში და დასანანია, რომ მოსწავლეთა რაოდენობაა 10-15-20... მოსახლეობის კატასტროფული კლებაა, იცლება სოფლები და პირველ რიგში ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ. მართალია, გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სხვა პროგრამები, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მალე სოფელში მოსწავლე აღარ გვყავდეს.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დარწმუნებული ვარ, ახალი სკოლის მოდელი და სხვა სიახლეები დადებითად იმოქმედებს კომპლექსურად. მოხარული ვარ, რომ ჩვენთან გარკვეული საკითხები ნაკლებად მწვავედ დგას.
- განათლების სფეროში 1992 წლიდან ვარო, მითხარით. ქალბატონო ხათუნა, ესაა მძიმე პერიოდი ზოგადად ქვეყნისთვის.
- უდავოდ, ასეა... მე ვარ, აგრეთვე, პირველი ინფორმატიკის ცენტრის დამფუძნებელი ხონში და მახსოვს, არ იყო შუქი, ვერ მუშაობდით, საშინლად გვიჭირდა, მაგრამ მერწმუნეთ, საოცარი სულისკვეთება იგრძნობოდა... მასწავლებლები ფეხით ადიოდნენ კილომეტრებს, რათა სასწავლო პროცესი არ ჩაშლილიყო. სიმართლე გითხრათ, როგორ ვახერხებდით, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია - ძალინ მიყვარდა ჩემი საქმე. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მასწავლებლის პროფესიაში წინსვლას ვერ ხედავდნენ ახალგაზრდები და ნელ-ნელა ჩამოშორდნენ.
- დღეს ხომ შეცვლილია ვითარება?
- საბედნიეროდ, ახლა რადიკალურადაა შეცვლილი მიდგომები და ჩემი რაიონის მაგალითზე გეტყვით, რომ ვაკანსია არ რჩება. ბევრია პროფესიაში შემოსავლის მსურველი და მოხარული ვარ, ასეთი დაინტერესება რომ არის ახალგაზრდებში.
ზოგადად, განათლების რეფორმას დადებითად ვაფასებ - ახალი სკოლის მოდელი ჩვენთან მესამე საჯარო სკოლაშია დანერგილი და მასწავლებლებიც, მშობლებიც კმაყოფილები არიან... ეროვნული სკოლაც კარგი პროექტია, ჩვენ ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში დავასაქმეთ გადამზადებული კადრი და ასეთი მიდგომები უმნიშვნელოვანესია მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის... უნდა გადავდგათ ნაბიჯები თამამად იმიტომ, რომ შედეგი გვქონდეს და ამ შედეგს სიახლეები სჭირდება. ყველა პროექტი რაღაც დადებითს აუცილებლად ტოვებს.
- ქალბატონო ხათუნა, საკმაოდ დაკავებული ბძრანდებით, ოჯახს და სამსახურს როგორ ათავსებთ?
- რთულად, მაგრამ მაინც ვახერხებ... როდესაც გადავწყვიტე რესურსცენტრის უფროსის კონკურსში მონაწილეობა, მეუღლესა და შვილებს ვუთხარი - თუ ხელს შემიწყობდნენ, შევძლებდი ამ საქმისთვის თავის გართმევას...
რა თქმა უნდა იყო, თანხმობა, თუმცა მერე ცოტას წუწუნებდნენ, სახლში ვეღარ გხედავთო. უფროსი გოგონა სტუდენტია, უმცროსი - მეათეკლასელია. დილით ადრე ვდგები - რვის ნახევარზე, საუზმეს ვუმზადებ მეუღლეს და ბავშვებს.
- საუზმე გასაგებია და სადილსაც, თქვენ ამზადებთ?
- ეს საკითხიც დარეგულირებული მაქვს - ღამის გათევამ რომ მომიწიოს, სადილს აუცილებლად გავამზადებ. მით უმეტეს, სამზარეულო ბავშობიდან მიყვარს და ყველა მიჩვეულია ჩემ გემრიელ კერძებს.
- საფირმო კერძი რომელი გაქვთ?
- არ ვიცი... ყველაფერი შემიძლია უგემრიელესი მოვამზადო, ნამცხვრით დაწყებული, საცივითა თუ ელარჯით დასრულებული.
- ვიცი, რომ თქვენი მეუღლე სოხუმელია. როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?
- ჩემ მომავალ მეუღლეს შევხვდი 1993 წელს, როცა აფხაზეთიდან მისი ოჯახი დევნილად გადმოვიდა ხონში, ნათესავთან. ვალერი ქობალია ვეტერანია და მისმა ოჯახმა მძიმე დღეები გამოიარა. ოჯახი 1999 წელს შევქმენით, რთული პერიოდი გვქონდა, გაჭირვებაც იყო, მაგრამ ყველაფერი დავძლიეთ და ასე მვედით დღემდე - ჩვენმა სიყვარულმა გაამართლა, ორი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს, მე კი ბედნიერად მივიჩნევ თავს.
- ქალბატონო ხათუნა, რთულია თინეიჯერის დედობა?
- ზოგადად, ამ ასაკში რთულია ბავშვებთან ურთიერთობა... მართალია ჩვენ არ გვაქვს პრობლემები და გარდატეხის ასაკსაც, ასე ვთქვათ, რბილად გავდივართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშობლების ყურადღება აუცილებელია - თუ ბავშვს პრობლემა ექმნება, მგონია, რომ ოჯახში აკლია სიყვარული და სითბო.