საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდაზე აპლიკანტთა 99% გამოცხადდა - აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი თქმით, ზოგადი უნარების გამოცდაზე 340-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული.
გამოცდამდე კი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების აუცილებლობას რამდენიმე დღე აპროტესტებდნენ. აღნიშნული მიზეზით მათ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კარვებიც კი დადგეს. თუმცა, უწყებამ სტუდენტების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ამოქმედდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხოეთის უნივერსიტეტში სწავლობს, საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ზოგადი უნარების გამოცდა უნდა ჩააბაროს. თუმცა გასულ წელს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციტივით, განათლების სამინისტრომ აღნიშნული წესი გააუქმა და სტუდენტებს მობილობის უფლება გამოცდის ჩაბარების გარეშე მისცა, გამონაკლისის დაშვების მიზეზად კი სტუდენტებისთვის გამოცდისთვის მოსამზადებელი დროის სიმცირე დასახელდა.
შედეგები ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: naec.ge.