ორ საჯარო სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა
07-02-2020

ორ საჯარო სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა. თბილისის 62-ე საჯარო სკოლა - ჟიული შარტავას, ხოლო 94-ე საჯარო სკოლა ჯამბულ წურწუმიას სახელობის იქნება. ამ საკითხზე თბილისის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. 

ინიციატივა განათლებისა და კულტურის კომისიამ სკოლების მიმართვის საფუძველზე, საჯარო სხდომის ფორმატში განიხილა.

„საკრებულოს ამოცანა, პირველ ყოვლისა არის ის, რომ ადეკვატურად  შეფასდეს და დაფასდეს ის ღვაწლი, რომელიც ამ გმირებს მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე; სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება ნიშნავს, აღზარდო მომავალი თაობა წარსულის ღირებულებითა და მომავლის რწმენით, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით განვიხილავთ სკოლებისთვის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხს“, - აღნიშნა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა.

საკრებულოს ინფორმაციით, საჯარო განხილვაში თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სსიპ თბილისის 62-ე და სსიპ თბილისის 94-ე საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები, ასევე სკოლებში მომუშავე პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები. სხდომას ჟიული შარტავასა და ჯამბულ წურწუმიას ოჯახის წევრები და მემკვიდრეებიც  ესწრებოდნენ.

62-ე სკოლის დირექტორის, ელენე შაგულიშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ არ დაივიწყონ ის გმირობა, რომელიც წლების წინ ჟიული შარტავამ საქართველოსთვის ჩაიდინა.

ჟიული შარტავა სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს და 2004 წელს მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მაიორი ჯამბულ წურწუმია ასევე აფხაზეთის ომის გმირია - 1993 წლის 18 სექტემბერს, მდინარე კოდორთან გამართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა და სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203