მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად საგნის გამოცდაზე 50%-იანი ბარიერის გადალახვა სავალდებულო ხდება. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა - ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან განაცხადა, უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლება სავალდებულო არ იქნება, თუმცა წინსვლისთვის მათ გამოცდა 50%-იანი ზღვარი უნდა ჰქონდეთ გადალახული.
etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ დირექტორები ამ საკითხზე და რამდენად სწორად მიაჩნიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება.
კერძო სკოლა „საუნჯეს“ დირექტორი გულჩინა ჭიკაძე:
„ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, თუ საგანში 50% ბარიერი ვერ გადალახა პედაგოგმა, ნამდვილად არ იმსახურებს წამყვანის და მენტორის სტატუსს. ვფიქრობ, პედაგოგის წარმატებას განსაზღვრავს სწავლების და ცოდნის დონის მიღწეული შედეგები. ეს არის ჩემთვის პედაგოგის ცოდნის შეფასების მთავარი კრიტერიუმი. თუმცა შეიძლება მასწავლებელმა საგანი კარგად ჩააბაროს, მაგრამ გაკვეთილზე, პრაქტიკაში, არ იყოს წარმატებული. პრაქტიკული გამოცდილება და უშუალოდ საგაკვეთილო პროცესი თეორიულისგან განსხვავებულია. ამდენად, შესაძლებელია, რომ მასწავლებელმა თეორიულად ისე წარმატებით ვერ ჩააბაროს გამოცდა, როგორი წარმატებითაც გაკვეთილებს ატარებს“.
ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა:
„თუ გვინდა, რომ გვყავდეს მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კორპუსი საქართველოში, ეს გადაწყვეტილება მართებულია. საგნის წარმატებით ჩაბარება განსაზღვრავს, რამდენად ძლიერია პედაგოგი თავის საგანში. ჩვენ რომ ვთხოვთ მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარებას, თვითონ მასწავლებელსაც უნდა ჰქონდეს გამოცდის ჩაბარების უნარი. მეტიც რომ იყოს ბარიერი, ამაზეც თანახმა ვიქნები. ვინც გამოცდას წარმატებით აბარებს, პრაქტიკაშიც ძლიერები არიან, გაკვეთილსაც კარგად ატარებენ“.
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გაგუა:
„საგნის გამოცდაზე 50% წამყვანმა და მენტორმა უნდა გადალახონ. საგნობრივ კომპეტენციაზე ეს მისაღები ბარიერია. გამოცდის წარმატებით ჩაბარება არ ნიშნავს, რომ პედაგოგი პრაქტიკაშიც ძლიერია, მაგრამ წარმატებულმა პედაგოგმა რომ უნდა გადალახოს 50% საგნის გამოცდაზე, ამ აზრს სავსებით ვუჭერ მხარს. მაგრამ გამოცდის ჩაბარება არ ნიშნავს, რომ მას პედაგოგიური თვალსაზრისით ყველაფერი მაღალ დონეზე აქვს და არაჩვეულებრივი მასწავლებელია, ეს გამოცდილებამ აჩვენა. არიან ადამიანები, რომლებმაც რაღაც მოსაზრებით თავი შეიკავეს გამოცდის ჩაბარებისგან, თუმცა ძალიან კარგი მასწავლებლები არიან. მეც მყავდა ასეთი პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც არ გადიოდა გამოცდაზე და იყო ძალიან კარგი მასწავლებელი. შემდეგ გავიდა და პირველივე ცდაზე აიღო ათი კრედიტი“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯალიაშვილი:
„ჩემთან არიან პედაგოგები, რომლებსაც სურვილიც აქვთ და ენერგიაც, რომ აიმაღლონ სტატუსი. გამოცდაზე ხომ შეიძლება რაღაც შეფერხება ყოფილიყო, ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე 50% ვერ გადაელახათ, მაგრამ მათ აქვთ უნარი, წამყვანობაზე გააკეთონ კვლევა, ჩაატარონ გაკვეთილებიც. არასწორად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამ პედაგოგებს აქვთ ენერგია და უნარი იმისა, რომ გახდნენ წამყვანი მასწავლებლები. მყავს პედაგოგები, რომლებმაც ვერ გადალახეს 50 %იანი ბარიერი და კიდევ აპირებენ გამოცდაზე გასვლას. მასწავლებელი შეიძლება გამოცდას წარმატებით აბარებდეს, მაგრამ გაკვეთილზე შესაბამის შედეგს ვერ დებს. მარტო თეორიული ცოდნა არ კმარა“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ კეკელიძე:
„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მისაღებია. ვერ უნდა გახდეს პედაგოგი ვერც წამყვანი და ვერც მენტორი, თუ მან საგანში 60% ვერ დააგროვა. ეს ჩემი აზრია. დღეს ერთკრედიტიანსაც მასწავლებელი ჰქვია და ათკრედიტიანსაც, გამოიკვეთა მასწავლებელთა ჩატარებული გაკვეთილების ხარისხიანობა და ეფექტურობა იმ მასწავლებლებისგან, რომლებმაც ათი კრედიტი მიიღეს. რაც უფრო მაღალი ქულა აქვს მასწავლებელს, ეს ნიშნავს რომ მას ხედვაც მაღალი და ცოდნაც შესაბამისი აქვს“.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ომარ ბოლქვაძე:
„მთლად მისაღები არაა ეს გადაწყვეტილება. მარტო საგნის გამოცდა არ განსაზღვრავს პედაგოგის წარმატებას. შემდეგ საჭიროა განვითარება, მარტო ერთი საგნით გამოცდა არაა საკმარისი შესაფასებლად. ზოგ შემთხვევაში არის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი უფრო ძლიერია და არანაკლებია მაღალ სტატუსიანზე. ის პედაგოგები, რომლებმაც საგანში ვერ აიღეს 7 კრედიტი, ვფიქრობ იმსახურებენ სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე გასვლას“.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის დირექტორი თეა ხაბალაევი:
„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია. პედაგოგი თავის საგანს უნდა ფლობდეს არა მარტო იმ ფარგლებში, რასაც სკოლის მასალა გულისხმობს, მეტიც უნდა იცოდეს. ბევრი მოვალეობა აქვს მასწავლებელს, ამის გარდა საგნის ცოდნა აუცილებელია. კარგი მასწავლებელი არ ნიშნავს მხოლოდ საგანში ძლიერს. მარტო თეორიული სიძლიერე არ მოეთხოვება მასწავლებელს, პირველი რაც მოეთხოვება - აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვები, უნდა უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის და უნდა შეაყვაროს ის სხვასაც. ბავშვები ტექნოლოგიების დახმარებით ძალან ბევრ ინფორმაციას იღებენ და თუ ისინი პედაგოგში დაინახავენ, რომ თავისი საგანი არ იცის, ვფიქრობ, უხერხული მომენტია. ეს ყველაფერი არ ნიშნავს რომ მასწავლებელი, რომელიც გამოცდას აბარებს, არის კარგი პედაგოგი და ვინც ვერ აბარებს - ცუდი, თუმცა საგნის ცოდნა, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა მენაბდე:
„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ნამდვილად მისაღებია. მასწავლებლებს, რომლებმაც ათი კრედიტით ჩააბარეს გამოცდა და გამოწვევა თავიდანვე მიიღეს, (ახლა რომ ყველას მივანიჭეთ სტატუსი) აქვთ პროტესტი და აბსოლუტურად სამართლიანად. მიმაჩნია, რომ 7 კრედიტზე მაინც უნდა ჰქონდეს მასწავლებელს საგნის გამოცდა ჩაბარებული და შემდეგ წინსვლაზე იზრუნოს. თუმცა გამოცდის წარმატებით ჩაბარება არ ნიშნავს, რომ პედაგოგი პრაქტიკაშიც ძლიერია. შეიძლება თეორიულად ძლიერი იყოს, მაგრამ მოსწავლეებს შესაბამისად ვერ გადასცეს ცოდნა.“
ქალაქ რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი:
„ალბათ სწორია ეს გადაწყვეტილება, საგნობრივ კომპეტენციაზეა საუბარი. არის სხვა საშუალებები, ტრენინგები, ანუ გარკვეული ეტაპი ეძლევა პედაგოგს, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აიმაღლებს სტატუსს, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაძლიერდეს და იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე გარკვეული პერიოდი. ამის შეთავაზება აქვს სახელმწიფოს, მასწავლებლის სახლს და სთავაზობენ ტრენინგებს. ჩემი გამოცდილებით, სკოლაში პედაგოგების მოღვაწეობას თუ მივაქცევ ყურადღებას - არიან ძალიან კარგი პედაგოგები, მაგრამ თუ ეს ერთი გაკვეთილის შეფასებით ხდება (იგულისხმება გარე დაკვირვება), შეიძლება მათი ემოციური მდგომარეობა არ იყოს შესაბამისი, ერთმა გაკვეთილმა შეიძლება სწორად ვერ შეაფასოს პედაგოგი. მასწავლებლები ღელავენ ასეთ დროს, ასე რომ ერთი გაკვეთილით შეფასებას არ ჩავთვლიდი სწორად. ასევე შესაძლებელია იყოს გამონაკლისი და პრაქტიკული გამოცდილებით ძალიან კარგმა პედაგოგმა გამოცდაზე ვერ დაადასტუროს შესაბამისი დონე“.