რა იცვლება სამაგისტრო გამოცდებში და რა უნდა იცოდნენ კანდიდატებმა? - „ნაეკის“ განმარტება და რჩევები მაგისტრანტობის მსურველებს
12-02-2020

სამაგისტრო გამოცდებში ერთი ტიპის ტესტის ჩაბარება მაგისტრებს მომავალში საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოუხსნის - სამაგისტრო გამოცდებში შეტანილ ცვლილებაზე განმარტებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი etaloni.ge-სთან აკეთებს.

გამოცდების ცენტრის ცნობით, სამაგისტრო გამოცდის არსებული მოდელი ზღუდავდა გამოცდის ერთდროულად ჩაბარების საშუალებას, რაც ხშირად კანდიდატთა უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მაგისტრანტობის კანდიდატთა ნაწილი ხშირად ცდილობს რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებაზე სწავლის გაგრძელებას. არსებული სამი განსხვავებული ტიპის ტესტი ზღუდავს გარკვეულ მიმართულებებზე (კერძოდ, განსხვავებული ტიპის ტესტების შესაბამის მიმართულებებზე) გამოცდების ერთდროულად ჩაბარების საშუალებას, რაც ხშირად კანდიდატთა უკმაყოფილების მიზეზია.

ამასთან, მაგისტრანტებს ტესტის ტიპების შესაბამისად ეზღუდებოდათ მობილობის უფლებაც. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატურის ერთ-ერთი მიზანია სპეციალობის შეცვლა, რაც ტესტის რამდენიმე ტიპის არსებობის შემთხვევაში მობილობის უფლების შეზღუდვისას ვეღარ მიიღწევა“, - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ტესტურ დავალებათა ნიმუშები

ცვლილებებთან ერთად, ცენტრი კანდიდატებს მოუწოდებს რამდენიმე მნიშვლელოვანი ფაქტორი გაითვალისწინონ.

„სამაგისტრო გამოცდის ტესტის მიზანი კანდიდატების იმ უნარების შემოწმებაა, რომლებიც აუცილებელია მათთვის სამაგისტრო პროგრამების სრულფასოვნად დასაძლევად. ტესტის რამდენიმე ტიპის არსებობის მიზეზს წარმოადგენდა რაოდენობრივი ნაწილის მიმართ განსხვავებული მოთხოვნების არსებობა: გარკვეულ მიმართულებებს (მაგალითად, ეკონომიკას ან ინჟინერიას) რაოდენობრივი უნარები უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე დანარჩენებს (მაგალითად, ჰუმანიტარულ ან იურიდიულ მიმართულებებს). რაც შეეხება ლოგიკური მსჯელობის უნარს, ისევე როგორც წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს, ამ შემთხვევაში მოთხოვნები ყველა მიმართულებისათვის ერთნაირია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

მაგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. შესაბამისად, თუ რომელიმე მიმართულებისათვის რაოდენობრივი ნაწილი პრიორიტეტული არ არის, ამ მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისას მაგისტრანტობის კანდიდატს აქვს შესაძლებლობა - მხოლოდ ტესტის დანარჩენ სამ ნაწილში გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძო ავტონომიის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) გაზარდოს ტესტის თითოეული ნაწილისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

ბ) დაადგინოს, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს;

გ) დაადგინოს ტესტის ის ნაწილი/ნაწილები, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებლად უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისათვის, რომ მოიპოვოს მონაწილეობის უფლება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის მიზანი, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რაოდენობრივი ნაწილი შეესაბამებოდეს ცალკეულ მიმართულებებს, მიღწევადია საერთო ტესტის არსებობის პირობებშიც. ამასთან, ერთიანი ტესტის არსებობისას თავიდან იქნება აცილებული მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ სხვადასხვა მიმართულების სამაგისტრო პროგრამების არჩევისა და შემდგომში მობილობის შეზღუდვები.

ამდენად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მომზადდეს იყოს ერთი ტიპის ტესტი“, - აცხადებენ საგამოცდო ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სამაგისტრო ტესტი კვლავ 4 ნაწილიანი იქნება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.

ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება; ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის, ანუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას.

იხილეთ ასევე: ცნობილია მაქსიმალური და მინიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა, შეფასების კრიტერიუმები - სამაგისტრო გამოცდები

2020-2021 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო გრანტის მოცულობა და პრიორიტეტული პროგრამები ცნობილია 

საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203