საბავშვო ბაღებისა და სკოლების შემოწმების შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 24 სხვადასხვა დარღვევა გამოავლინა
15-02-2020

საბავშვო ბაღების კვებითი ბლოკის შემოწმების შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 24 სხვადასხვა დარღვევა გამოავლინა. 

როგორც სააგენტო აცხადებს, 2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს პრიორიტეტია და ინსპექტირებების ინტენსივობა მიმდინარე წელს კიდევ გაიზრდება.

„აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გაზრდილი კონტროლის და გაცემული რეკომენდაციების შედეგად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგია“ - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.

შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203