სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა სემესტრის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების პრეზენტაცია გამართეს. პროექტში საქართველოს მასშტაბით 230 სკოლაა ჩართული.
მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები თემის და სკოლის პრობლემების მოგვარებას, თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, საგზაო უსაფრთხოებას, ბუნების დაცვას, ნაადრევი ქორწინების პრევენციას და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა.
როგორც სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, სამოქალაქო განათლების მიზანია, მოსწავლეები გაეცნენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებს და არსებული პრობლემების გადაჭრაში თავიანთი როლი და მნიშვნელობა დაინახონ.
„სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც „მომავლის თაობა“ ეწოდება, მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად 230 სკოლასთან თანამშრომლობს. გამართულ ღონისძიებაზე კი მოსწავლეებმა წინა სემესტრის მანძილზე განხორცილებული პროექტებისა და აქტივობების პრეზენტაცია წარმოადგინეს. მოსწავლეები მუშაობდნენ იმ თემებზე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო. ისინი თავად ასახელებენ თემას, რომელზეც სურთ მუშაობა, მაგალითად თანატოლთა შორის ძალადობა, გარემოს დაცვა, საგზაო უსაფრთხოება და მრავალი სხვა პრობლემა... სწორედ ეს არის სამოქალაქო განათლების მიზანი, რომ ნელ-ნელა ასაკის გათვალისწინებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მივაწოდოთ მოსწავლეებს და მათ დაინახონ თავიანთი როლი ამ საკითხებში.
მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა და ნამდვილად გაოცებული ვარ იმ კონკრეტული შედეგით, რომელსაც მოსწავლეები აღწევენ ასეთი ტიპის ხელშეწყობის შედეგად“, - განაცხადა მარინა უშვერიძემ.
პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებული ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
„საქართველოს მასშტაბით 45 სასკოლო სამოქალაქო კლუბი დავაჯილდოვეთ რომლის ფარგლებშიც სკოლებს გადაეცათ პორტატული კომპიუტერები და დავაჯილდოვეთ 30-მდე სამოქალაქო განათლების პედაგოგი, რომლებსაც პლანშეტები გადაეცათ“, - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა.