პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის 5 კრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაცია 15 თებერვალს უნდა გამოცხადებულიყო, აღნიშნული თარიღი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაასახელა. თუმცა ტრენინგზე რეგისტრაცია დღემდე არ გამოცხადებულა.
რა გახდა ტრენინგზე რეგისტრაციის გადადების მიზეზი? - ამ კითხვით ჩვენ მასწავლებლის სახლს მივმართეთ. როგორც განგვიმარტეს, ჯერ დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
„დიახ 15 თებერვლიდან უნდა გამოცხადებულიყო რეგისტრაცია, თუმცა ჯერ ისევ მიმდინარეობს გარკვეული დეტალების დაზუსტება. კონკრეტული თარიღი არ ვიცით, მაგრამ ტრენინგზე რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ამიტომ პედაგოგები ყურადღებით უნდა იყვნენ“, - განაცხადეს მასწავლებლის სახლში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრენინგი იმ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ცხადდება, რომლებსაც 19 კრედიტქულის მოსაგროვებლად 5 კრედიქტულამდე აკლიათ.
„პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდის გარდა, იმის შანსიც აქვთ რომ ტრენინგების მეშვეობით 5 კრედიტამდე შეივსონ ქულები. ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოცდა ჩააბარეს და გარკვეული რაოდენობის კრედიტები აქვთ, თუმცა 5 კრედიქტულამდე აკლიათ, შეუძლიათ ტრენინგებით 19 კრედიტქულა დააგროვონ და მოიპოვონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძე etaloni.ge -სთვის მიცემულ ინტერვიუში.