izrune.ge-ს ერთგული გულშემატკივარი ზედა საზანოს საჯარო სკოლიდან
19-02-2020
ანასტასია ქაშაკაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობს და უკვე მეორე წელია izrune.ge-ს ტესტირებებში მონაწილეობს. მზრუნველ პროექტში ჩართვა კი პირველივე კლასიდან გადაწყვიტა და მას შემდეგ თითქმის არც ერთი ტესტირება არ გამოუტოვებია. აქვს ბევრი დიპლომი და როგორც თავად გვითხრა, ამით ძალიან ამაყობს. ანასტასიამ კარგად იცის, რომ მისი ყოველი წარმატება დედიკოსთვისაც, ოჯახისთვისაც და სკოლისთვისაც სასიხარულოა.

როგორც ანასტასიას დედიკომ, მარი ჭანტურიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გოგონამ პროექტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა და დღემდე ასე მოუთმენლად ელის ყოველ ხუთშაბათს, რათა ოჯახის წევრებსაც, მასწავლებელსაც და თანატოლებსაც კიდევ ერთხელ გაუზიაროს თავისი წარმატების სიხარული.

- ანასტასიამ izrune.ge-ში ჩართვა თავად გადაწყვიტა. ახლა მეორე კლასშია, მაგრამ ჯერ კიდევ პირველივე კლასიდან, როდესაც სკოლის კარი პირველად შეაღო, მოისურვა მზრუნველი პროექტის უშუალო მონაწილე ყოფილიყო... ძალიან აქტიური ბავშვია, კარგადაც სწავლობს. მართალია, თავიდან მე ვეხმარებოდი, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად მუშაობს.

- შემაჯამებელი ტესტირებისთვისაც დამოუკიდებლად ემზადება?



- ძალიან უყვარს კითხვა, მეცადინეობს, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ტესტირებას და უნდა, ყოველთვის კარგად იყოს მომზადებული. ანასტასიასთვის ყოველი ხუთშაბათი მნიშვნელოვანია, რადგან იცის, რომ  მისი წარმატება ჩემთვის საამაყოა. ზოგადად, პროექტი ძალიან მომწონს, ბავშვებს ცოდნის გამომჟღავნების, უფროსებს კი მათი მიღწევებით გახარების საშუალებას გვაძლევს.

„იზრუნეს ტესტები ძალიან მომწონს. თავიდან დედიკო მეხმარებოდა, ახლა კი მარტოც ვპასუხობ კითხვებს... იცით, მე ბევრი დიპლომი მაქვს, მაგრამ ზუსტად რამდენი, არ დამითვლია. ახლა შემაჯამებელი ტესტირებისთვის ვემზადები, ბევრს ვკითხულობ, თუმცა ყვეელაზე მეტად „კრუხი და წიწილები“ მომწონს თებერვლის „წიგნიერების დღიდან“.

თამაშიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - წრეში ბურთი. „იზრუნეში“ ჩემი მეგობრებიც მონაწილეობენ და სკოლაში ერთმანეთს ვუყვებით, რა კითხვები შეგვხვდა, როგორ ვუპასუხეთ.



ყველაზე მეტად რომელი საგანი მიყვარს? - მათემატიკა და ძალიან მინდა, ექიმი გამოვიდე... უი, არა, მასწავლებლობა მინდა, იმიტომ, რომ ჩემი მასწავლებელი ძალიან მიყვარს. მეც მინდა, ბავშვებს ქართული, მათემატიკა, ბუნება ვასწავლო“, - გაგვიმხილა ანასტასია ქაშაკაშვილმა, რომელსაც ალბათ ერთი სული ჰქონდა, მისთვის უჩვეულო - რესპონდენტის ამპლუას მალე გასცლოდა და საყვარელი თოჯინებით ეთამაშა.

მარი ჭანტურიძემ კი გაგვიმხილა, როდესაც მუშაობს, ცელქი ანასტასია ბებოსთან რჩება, რომელიც ათამამებს და მისი „თანამზრახველია“, თუმცა ბებია-შვილიშვილს არასოდეს ავიწყდება, რომ ხუთშაბათი განსაკუთრებული ზრუნვისა და ანასტასიას მორიგი წარმატების დღეა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203