ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების დრო ცნობილია - რას ურჩევს „​ნაეკი“​ აბიტურიენტებს პროგრამების არჩევისას?
19-02-2020
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში გამოცხადება და რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. 

საგამოცდო ცენტრში გამართულ ღია კარის დღეზე, საიხლეების გაცნობასთან ერთად, გორგოძემ სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად, რეკომენდაციებიც გაუზიარეს რეგისტრაციის სწორად გავლისა და პროგრამების არჩევისთვის.

როგორც შეხვედრაზე გორგოძემ აღნიშნა, რეგისტრაციის გამოცხადებამდე აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ ცნობარიც იხილონ და ჩასაბარებელი საგნების კონკრეტული ჩამონათვალიც. 

„მარტის პირველივე რიცხვებში ვაპირებთ რეგისტრაციის გამოცხადებას. ამ დროისთვის უკვე ცნობარიც მზად იქნება, სადაც მოცემული იქნება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აბიტურიენტებისთვისაა საინტერესო. 

პროგრამების მიხედვით ჩასაბარებელი საგნების დაზუსტებული ჩამონათვალი შესაძლოა როგორც ცნობართან ერთად გამოქვეყნდეს, ისე დავასწროთ ცნობარს და უფრო ადრე გამოვაქვეყნოთ. თითქმის ბოლო ფაზაშია პროცესი და უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება ეს ინფორმაციაც“, - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა. 

რაც შეეხება საგამოცდო ცენტრების რაოდენობას ან ცვლილებას, სოფიო გორგოძის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს:  „საგამოცდო ცენტრების რაოდენობა შეიძლება დაზუსტდეს, შეიძლება გარკვეული ცენტრების ადგილმდებარეობა შეიცვალოს. ამაზე ვმუშაობთ და მარტის დასაწყისისთვის ეს ინფორმაციაც ცნობილი იქნება". 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აბიტურიენტებს ურჩევს, რა უნდა გაითვალისწინონ მათ რეგისტრაციის პროცესში და პროგრამების არჩევისას.

„რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ ის რომ პირველ რიგში თითი დააჭირონ შენახვის ღილაკს. მომზადდება ვიდეო რგოლიც რომელიც აბიტურიენტებს რეგისტრაციის პროცესს ასახავს. რაც შეეხება პროგრამების არჩევის პროცესს, მთავარი რეკომენდაცია არის ის რომ აირჩიონ ბევრი პროგრამა. სამწუხაროდ არის შემთხვევები როცა აბიტურიენტი ირჩევს 5-10 პროგრამას, აქვს კარგი ქულები არ ჩაჭრილა არც ერთ საგანში მაგრამ ვერ ჩაირიცხა ვერსად. გასაგებია რომ შესაძლოა მათ სურდეთ 2-3 პროგრამა და სხვაგან არ სურთ ჩაბარება მაგრამ ამაზე მერე იფიქრონ და თუ ჩაირიცხებიან მერე აღარ წავიდნენ იმ მე-11 პროგრამაზე რომელზეც მოხვდებიან, მაგრამ არჩევით აირჩიონ რადგან შეიძლება შემდგომ ინანონ“, -განაცახადა სოფიო გორგოძემ.

რაც შეეხება საინფორმაციო შეხვედრებს, გორგოძის თქმით, უკვე დაიწყო და ყველა რეგიონში ჩატარდება: 

„მოგეხსენებათ ცენტრმა უკვე დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები აბიტურიენტებთან. ცენტრის თანამშრომლები უკვე იმყოფებოდნენ ბოლნისში, დმანისში და მარნეულში. აღნიშნული შეხვედრები გაგრძელდება და ყველა რეგიონში ჩატარდება. 
დღეიდან ყოველ ოთხშაბათს აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მოსვლის და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ინფორმაცია. წელს ერთ-ერთი სიახლე ის იქნება რომ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რეგისტრაციის მოდელირებაში მიიღონ მონაწილეობა. სამწუხაროდ ყოველ წელს არის აბიტურიენტების ნაწილი რომელიც მხოლოდ იმიტომ ეთიშება საგამოცდო პროცესს რომ რეგისტრაცია ვერ გაიარა, არ დააჭირა შენახვის ღილაკს ხელი და ა.შ. ამიტომ ვეცდებით ვაჩვენოთ როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი“. 

იხილეთ ასევე: 

რა შეცვალა „ნაეკმა“ ეროვნულ გამოცდებზე და როგორ შეძლებენ გრანტის მოპოვებას აბიტურიენტები 2020 წელს

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203