თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაციისთვის 27 მილიონი ლარია გამოყოფილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მასშტაბური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომლის ღირებულება 21,3 მლნ ლარს შეადგენს მათი მხარდაჭერით ხორციელდება.
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ სულ მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე.
„ეს გახლავთ ასევე ისტორიული შენობა და პროექტის მთლიანი ღირებულება გახლავთ 27 მილიონი ლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც მოხმარდება მეორე კორპუსის სრულ რეაბილიტაციას. ეს გახლდათ სახელმწიფოს საჩუქარი უნივერსიტეტისთვის, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროცესი მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, ძალიან კმაყოფილი ვართ პირველი შედგებით. თსუ-ს სულ მალე ექნება ისეთი მეორე კორპუსი, როგორიც ეკადრება მის ღირსებას, ისტორიას და თანამედროვეობას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თსუ-ს მეორე კორპუსის რეაბილიტაციისთვის ჯამში 27 მილიონი ლარი დაიხარჯება. შიდა სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წელს დაიწყო, რომლის განსახორციელებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრომ 5,7 მლნ ლარი გამოყო. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, განხორციელდა შენობის გამაგრების სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი კი 2019 წელს დაიწყო და ის 2021 წლისთვის დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში სრულად მოხდება შენობის რეაბილიტაცია, მოეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ მეორე კორპუსი სრულად დააკმაყოფილებს ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. სულ გარემონტდება 25 000 კვ.მ. ფართობი.
შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. სალექციო პროცესი თსუ-ს სასწავლო კორპუსებში გადანაწილდება.
თსუ-ს მეორე კორპუსი 1940 წელს არქიტექტორ მიხეილ სავიშვილის პროექტით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული.