უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაა, უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალ მოდელში მეცნიერების წილის გაძლიერება, რისი დაანგარიშება გაზომვადი ინდიკატორებით უნდა მოხდეს. ამიტომაც მოდელის დახვეწა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. თავის მხრივ, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მეცნიერების ხელშეწყობა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მის ინტეგრირებას. შედეგად, უნივერსიტეტები შეძლებენ არა მხოლოდ არსებული ცოდნის გადაცემას, არამედ ახალი ცოდნის შექმნასაც ახალგაზრდების ჩართულობით.
პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისა და წარმატებული სამეცნიერო ჯგუფების გამოვლენის მიზნით შეხვედრები გაიმართა:
შეხვედრებზე ინსტიტუტების წარმომადგენლებმა საკუთარი სამეცნიერო მიღწევები წარმოადგინეს, ასევე გამოკვეთეს ის საჭიროებები,მათ შორის, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რაც სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევის წარმართვას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, ნუნუ მიცკევიჩმა მეცნიერებს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ამოქმედებას მომზადებული შეხვდეს. მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს.
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფის მიზნით მიზნობრივ ჯგუფებთან მომდევნო შეხვედრებიც დაიგეგმა. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთანაც.