Etaloni.ge-ს სტუმარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს საჯარო სკოლის დირექტორი, აჟდარ მამიშოვია, რომელიც ამ თანამდებობაზე 29 წლის ასაკში დაინიშნა და ჩვენი ინტერვიუს ერთ-ერთი მიზანიც სწორედ იმის გაგება გახლდათ, როგორ მოახერხა ასეთ ახალგაზრდა ასაკში ასეთი წარმატების მიღწევა. დირექტორობამდე ბატონი ეჟდარი სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგე იყო და შესაბამისად, მისთვის არც სკოლის გარემო ყოფილა უცხო და არც კოლექტივი. როგორც თავად გვითხრა, მის დაწინაურებას ასაკით უფროსი პედაგოგებიც დიდი სიხარულით შეხვდნენ და მოსწავლეებიც.
რა გზა განვლო სკოლის დირექტორობამდე, როგორ აპირებს ყიზილაჯლოს საჯარო სკოლის განვითარებას და რატომ მიიჩნევს, რომ დირექტორებმა გამოცდები აუცილებლად უნდა ჩააბარონ, Etaloni.ge-ს აჟდარ მამიშოვი ესაუბრება:
- დირექტორობამდე, ყიზილაჯლოს საჯარო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგე ვიყავი და სიმართლე გითხრათ, წლების წინ, ვერც კი წარმომედგინა ამ თანამდებობაზე თუ აღმოვჩნდებოდი. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობისას, სკოლების ყველა გამოწვევას კარგად ვხედავდი და ვფიქრობდი მათთან გამკლავების გზებზე.
- როგორ შეხვდა ყიზილაჯლოს საჯარო სკოლის კოლექტივი 29 წლის დირექტორს?
- ძალიან თბილად მიმიღეს. უდიდესი პატივისცემა და მხარდაჭერა მქონდა მათგან. თქვენ წარმოიდგინეთ, 20-25 წლით უფროსი პედაგოგებიც კი მუდმივად მხარში მედგნენ და არასოდეს, არანაირი პრობლემა არ შემქმნია.
- ბატონო აჟდარ, დირექტორები კარგი მენეჯერები უნდა იყვნენო, ადრე ითქვა. თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლა განვითარდეს?
- პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ დირექტორი უნდა იყოს აქტიური და სწორედ ახალგაზრდა კადრი შეძლებს ბევრის გაკეთებას სკოლისთვის, მისი განვითარებისთვის; გარდა ამისა, დირექტორი საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ზოგადად მუნიციპალიტეტში. უნდა ეცადოს, სკოლა აიყვანოს მაღალ საფეხურზე, მოსწავლეები ჩართოს არა მხოლოდ სასკოლო, არამედ სხვა მნიშვნელოვან პროექტებში.
- თქვენ, როგორც დირექტორი, ამ „დავალებას“ კარგად ართმევთ თავს?
- ვფიქრობ, ასეა, რადგან სკოლაში ჩემი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სასწავლო ნაწილის გამგე გავხდი თუ არა, იმავე წელს, სკოლებს შორის შეჯიბრებაში პირველი ადგილი დავიკავეთ, მოსწავლეებს უმაღლესი განათლების მიღების სურვილი მეტად გაუჩნდათ, აქტიურობენ, ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში და მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი, ერთობლივი წინსვლაა.
- დირექტორებს გამოცდების ჩაბარება რომ უწევთ, ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?
- პირადად მიმაჩნია, რომ გარკვეულ პერიოდში, ერთხელ, დირექტორმა საკუთარი კომპეტენცია უნდა დაადასტუროს. ხდება თაობათა ცვლა, იცვლება მიდგომებიც და ვფიქრობ, უნდა არსებობდეს ჯანსაღი კონკურენცია. რამდენიმე წელიწადში, ახალი თაობა რომ მოვა, უნდა ჰქონდეს შანსი, საკუთარი პროფესიონალიზმი გამოავლინოს.
- ალბათ, ადვილი არაა თანამდებობის დათმობა...
- ამ საკითხს ასე არ განვიხილავ. პირიქით, ვეუბნები მოსწავლეებს, რომ ძალიან ამაყი ვიქნები, თუ სკოლაში დაბრუნდებიან და მეც სიამოვნებით დავუთმობ მათ ასპარეზს.
- მოსწავლეებთან მკაცრი ხართ?
- ბავშვები პატივს მცემენ და ვუყვარვარ, იმიტომ, რომ ისე ვექცევი, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. მათთვის მხოლოდ მასწავლებელი ან დირექტორი კი არა, უფროსი ძმა და მეგობარი ვარ... ყოფილა შემთხვევა, მოსწავლე მოსულა და დახმარება, რჩევა უთხოვია და მეც შეძლებისდაგვარად დავდგომივარ გვერდით.
- თავად როგორი მოსწავლე იყავით?
- ვიყავი წარმატებული მოსწავლე, აქტიური და სხვადასხვა ოლიმპიადასა თუ ტრენინგში ვმონაწილეობდი. მეხუთე კლასამდე ფრიადოსანი გახლდით. სკოლა თბილისში დავამთავრე და ალბათ ამის დამსახურებაა, ქართულად გამართულად რომ ვსაუბრობ; პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა მოგვიანებით, მეორე უმაღლესი თურქეთში დავასრულე ეკონომიკის მიმართულებით.
- მაშინ წარმოიდგენდით, თქვენს ცხოვრებას სკოლას თუ დაუკავშირებდით?
- ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუმცა ჩემს ბავშვობაში ვერც ის წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი ყოფილიყო. არც მე მქონია ჩემს პედაგოგებთან უშუალო ურთიერთობა იმიტომ, რომ ისინი ამის საშულებას არ გვაძლევდნენ...
- ბატონო აჟდარ, ყიზილაჯლოს სკოლა არაქართულენოვანია. თქვენი მოსწავლეები რამდენად ხედავენ სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობას?
- ქართულის ცოდნა ერთ-ერთი პრიორიტეტია; სასწავლო ნაწილად მუშაობა რომ დავიწყე, მაშინვე მივმართე ადგილობრივ რესურსცენტრს, გვყავს ქართულის ორი დამხმარე მასწავლებელი და ამას გარდა, შარშან ერთი მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ ამზადებდა ქართულში ბავშვებს. მარნეულში გვაქვს ენის უფასო კურსები და მოსწავლეები აქტიურად მეცადინეობენ - მონდომებულები არიან, შეისწავლონ სახელმწიფო ენაა და ამ მხრივ წინსვლა უდავოდ შესამჩნევია.
პირადად მე, ბავშვებს სამოქალაქო განათლებას ვასწავლი და ვფიქრობ, ამ საფუძვლების ცოდნა ახალგაზრდებისთვის აუცილებელია. სწორედ სამოქალაქო განათლებიდან იღებს ბავშვი ინფორმაციას, რა არის დემოკრატია, სახელმწიფო, მედია... ესაა პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც ყოველთვის გამოიყენებს; მათ უნდა იცოდნენ კანონებიც და საკუთარი უფლებებიც, რათა შემდეგ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.