პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სწავლის შესაძლებლობის მიცემას გულისხმობდა.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვია, რომლის განცხადებითაც, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე სწავლის საშუალება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც განთავსებულები არიან 3 დაწესებულებაში. ეს არის - დაბალი რისკი, გათავისუფლებისათვის მომზადების დაწესებულება და არასრულწლოვნები კაცი მსჯავრდებულები.
მისივე თქმით, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, ნახევრად ღია და დახურული ტიპის, ასევე განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს არ ეძლევათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება.
„პატიმრობის კოდექსით, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ეძლევა მხოლოდ იმ მსჯავრდებულს, ვინც მოთავსებულია სამ დაწესებულებაში. ამ დაწესებულებებში იმყოფება მხოლოდ 300 მსჯავრდებული. სხვა დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობა არის დაახლოებით 9 ათასი. ასეთი კანონისმიერი უფლება მათ არ გააჩნიათ. ასევე, არც ერთ ქალ მსჯავრდებულს, მათ შორის არასრულწლოვნებს, არ გააჩნია კანონისმიერი უფლება, მიიღოს უმაღლესი განათლება, რადგან ქალთა სპეციალური დაწესებულება არ შედის ამ სამ დაწესებულებათა შორის“, - აღნიშნა ალექსანდრე სელეპანოვიამ.