„პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მსურველების განაცხადების მიღება მარტში დაიწყება, კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით გახდება ცნობილი“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრამა ოთხ სახელმწიფო კოლეჯში განხორციელდება და პირველ ეტაპზე 1 107 ბენეფიციარი ეყოლება.
„2018 წლიდან ავამოქმედეთ პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. ამ ორი წლის განმავლობაში პროგრამამ 2 000-მდე პირი გადაამზადა სხვადასხვა პროფესიაში და რაც მთავარია, სასწავლო კურსის დასრულებისთანავე მათი დასაქმების მაჩვენებელი 70%-ია.
თუ ორი წლის განმავლობაში ჯამში 360 000 ლარს შეადგენდა პროგრამის ბიუჯეტი, 2 020 წლისთვის თითქმის გავაორმაგეთ და 330 000 ლარი გახდება. პროგრამა მოიცავს მოკლევადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომლებიც აგებულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებაზე და არის სერტიფიცირებული. სპეციალობები განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევისა და კოლეჯების პარტნიორი კომპანიების გამოკითხვის შედეგად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისში უმუშევრობის დონის შემცირებას:
„ასევე, საწარმოების მოთხოვნილებების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. პროგრამა ოთხ სახელმწიფო კოლეჯში განხორციელდება 38 სპეციალობაში და 1 107 ბენეფიციარი ეყოლება პირველ ეტაპზე. მსურველების განაცხადების მიღება მარტში დაიწყება. ამის შესახებ წინასწარ გახდება ცნობილი თბილისის მოსახლეობისთვის და იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობას ბევრი ჩვენი მოქალაქე გამოიყენებს“.