„პროფესიული მასწავლებლების სტანდარტებით შემუშავებულმა მიდგომებმა უნდა წაახალისოს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და კოლეგიალურობა და არა კონკრეტული სტატუსის მოპოვებისკენ სწრაფვა“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა „პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების“ პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების“ პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ფონდის ხელმძღვანელი და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, ელენ ვიხმანი და განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის კონსულტანტებმა საჯარო განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით წარადგინეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროფესიული მასწავლებლის სტანდარტებისა და კარიერული განვითარების მოდელის დოკუმენტების სამუშაო ვერსიები.
გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრის გახსნისას მინისტრის მოადგილემ სტანდარტებისა და კარიერული განვითარების შემუშავების პროცესში გასათვალისწინებელ რამდენიმე პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორივე დოკუმენტი ორიენტირებული უნდა იყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და წაახალისებდეს მათ პიროვნული თუ კარიერული განვითარების სრულყოფისთვის. თამარ ქიტიაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ როგორც სტანდარტები, ასევე კარიერული განვითარების მოდული უნდა წაახალისებდეს პროფესიული განათლების სისტემაში ერთი მხრივ, დარგის პრაქტიკოსი პროფესიონალების, ხოლო მეორე მხრივ ახალგაზრდა პროფესიონალებისა და კოლეჯების წარმატებული კურსდამთავრებულების შემოდინებას.
მინისტრის მოადგილემ მნიშვნელოვანი აქცენტი გაამახვილა მასწავლებლის არა როგორც მენტორის, არამედ როგორც ფასილიტატორის როლის გააზრებაზე და დასძინა, რომ შემუშავებულმა მიდგომებმა უნდა წაახალისოს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და კოლეგიალურობა და არა კონკრეტული სტატუსის მოპოვებისკენ სწრაფვა. თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროექტის მიერ შემუშავებული მიდგომები უნდა იყოს ერთი მხრივ, მასწავლებლის საქმიანობებისთვის ყოვლისმომცველი, ხოლო მეორე მხრივ, მხარეებისთვის მარტივად აღსაქმელი და ქართულ რეალობაზე მორგებული.