გამოფენაზე მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება მინი კონკურსი, რომელიც მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების უნარით გამორჩეულ მოსწავლეებს გამოავლენს. ქუთაისის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქის გამოფენა ექსპო-ჯორჯიაში 29 თებერვალს, 17:30 საათზე, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება.
ცნობისთვის, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება, ხოლო წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები.