საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილ პროგრამებსა და აქტივობებს პირადად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაში წელს პირველად იღებს მონაწილეობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნება, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში, ასევე, გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ პროგრამებზე. მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტენდიც დაათვალიერა და ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„მინდა მივულოცო სრულიად საზოგადოებას ის ფაქტი, რომ ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. ეს უნივერსიტეტი იქნება უნიკალური, ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ჰაბი რეგიონში.
ამ მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ დაფუძნდებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ძალიან მნიშვნელოვანი ქველმოქმედება ამ საშვილიშვილო პროექტში. მოგეხსენებათ, „ქართუ“ ფონდმა ამ პროექტში 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.
მინდა განსაკუთრებით გამოვყო ის გარემოება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის აკადემიური პროგრამები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შემუშავებული. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ასევე მთლიანად არის დაფინანსებული „ქართუ“ ფონდის მიერ. აქ წარიმართება სიმსივნის სამკურნალო და სამეცნიერო კვლევითი პროცესი, როგორც მედიცინის, ასევე სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს უკვე მრავალი ცნობილი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს - წამყვანი უნივერსიტეტებისა და მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ცენტრების სახით,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობს, ექსპო-ჯორჯიაში 28-29 თებერვალს იმართება. გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ, ინფორმაცია მიიღონ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამების, ენის შემსწავლელი კურსების, ადგილობრივი და საერთაშორისო ცენტრების შესახებ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად გამოფენაში გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასწავლებლები მონაწილეობს.