ომბუდსმენი სამედიცინო უნივერსიტეტს სახელმძღვანელოებიდან გარკვეული ტერმინოლოგიის ამოღების რეკომენდაციით მიმართავს
05-03-2020
სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს სასწავლო მასალების ნაწილის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამობა დაუდგინდა.
სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატს „თანასწორობის მოძრაობამ“ მიმართა.
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში „სასამართლო მედიცინა“ და „ბიოეთიკა“ გამოყენებული ტერმინები/გამოთქმული მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისების ფორმას ლგბტ+ ადამიანების მიმართ“, - ვკითხულობთ თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, წიგნებში შემდეგი ჰომოფობიური ტერმინოლოგია იყო გამოყენებული:
• სახელმძღვანელოში „სასამართლო მედიცინა“ გამოყენებულია ტერმინები: „პედარასტია“, „აქტიური პედარასტი“, „პასიური პედარასტი“, „გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი“. სახელმძღვანელოში ტრანსსექსუალობა განმარტებულია, როგორც „სქესობრივი თვითშეგნების დარღვევა“ და „სადიზმი“;
• სახელმძღვანელოში „ბიოეთიკა“ გამოყენებულია: „ჰომოსექსუალიზმის ცოდვა“, „ჰომოსექსუალისტები“, „განსაკუთრებული სქესობრივი ორიენტაცია“, „ფარული ჰომოსექსუალური გადახრები“. სახელმძღვანელო განმარტავს, რომ „მედიცინაში ბოლომდე გარკვეული არ არის საკითხი, ითვლება თუ არა ჰომოსექსუალიზმი განსაკუთრებულ სქესობრივ ორიენტაციად თუ იგი ფსიქიკური მოშლილობის ერთ-ერთი ფორმაა“.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამ წიგნებში არსებული ჩანაწერები ადამიანის უფლებათა განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ეს ხელს უშლის საგანმანათლებლო სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცებას და ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების გაცხადებული მიზნების მიღწევას.
„სასწავლო მასალაში კონკრეტული პირთა ჯგუფისადმი მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მატარებელი სიტყვების ან/და მოძველებული ინფორმაციის/ტერმინების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სტუდენტებში ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ღირებულებების ჩამოყალიბებას. საზოგადოების ნაწილში არსებული ფობიები და სტიგმები მნიშვნელოვნად ასაზრდოებს მათ შორის სხვადასხვა დაუცველ ჯგუფთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას (მაგალითად, აივ-დადებითი ადამიანების, ლგბტ+ თემის წევრების მიმართ). განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოყენებული სამედიცინო ლიტერატურა შეიცავს ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და სტერეოტიპებზე დამყარებულ შინაარსს, ვინაიდან პროფესიულ წრეებში ჰომოფობიური განწყობების გაღვივება, შესაძლოა, შემდგომში, მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას უთანასწორო მოპყრობის წინაპირობაც გახდეს“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი მიმართავს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს, მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში უზრუნველყონ ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი სასწავლო მასალის გამოყენება. რეკომენდაციებს შორისაა სახელმძღვანელოების არსებულ რედაქციებზე ცვლილებების მომზადება და სასწავლო პროცესში დანერგვა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სავალდებულოდ სასწავლო სახელმძღვანელოების შესაბამისობა ადამიანის ძირითად უფლებებთან სახალხო დამცველის აპარატმა თანასწორობის მოძრაობისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებების საფუძველზე შეისწავლა.