განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის გამო სახალხო დამცველმა თსუ-ს 2 რეკომენდაციით მიმართა
06-03-2020

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ ორი რეკომენდაციით მიმართა.

„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლები, მოწვეული ლექტორის სტატუსით, წლების განმავლობაში კითხულობდნენ ლექციებს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ისინი ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოხატავდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს, რის გამოც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მათ პროფესორად მოწვევაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის დასადასტურებლად განმცხადებლებმა ელექტრონული მიმოწერა წარმოადგინეს.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზებამ ცხადყო, რომ განმცხადებლების უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მათ მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები, რაც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს განმცხადებლების მიმართ წარმოშობილ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2020-2021 წლების და შემდგომ სასწავლო სემესტრებში განიხილოს განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხი; ასევე შეიმუშაოს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც დაარეგულირებს ლექტორად მოწვევის საკითხს იმგვარად, რომ ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანდიდატებისათვის ის კრიტერიუმები, რაც შეიძლება დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი იყოს; უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203