2020-2021 სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის 55 000 ცალ პორტაბელური კომპიუტერს შეისყიდის. უწყების ინფორმაციით, ტენდერი გამოცხადებულია და მისი ღირებულება 31 მილიონ 300 ათას ლარს აღემატება.
„ახალ სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი მოსწავლე და მათი დამრიგებელი მიიღებს კომპიუტერს. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში 55 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა, (SPA200001008) ღირებულებით 31 350 000 ლარი.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ წარმატებით ხორციელდება 2011 წლიდან. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა“ - აღნიშნულია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.