დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სკოლა იქნება, სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს - მინისტრის მოადგილე
13-03-2020

„დღის ბოლოს სკოლებს გაეგზავნებათ რეკომენდაციები თუ როგორ უნდა დაამყარონ კომუნიკაცია მასწავლებლებთან მშობლებთან და მოსწავლეებთან“, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების მიუხედავად, როგორ გააკეთებს სკოლა პროცესის ორგანიზებას, ეს იქნება უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივებულია ყველასთვის შესაბამისად განათლების სამინისტრო მთავრობასთან ერთად ეძებს ალტერნატიულ საშუალებებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს მომდევნო 2 კვირა საინტერესოდ გამოიყენონ და იყვნენ ისეთ საინტერესო ღონისძიებებში ჩართულნი, რომელსაც სამინისტრო შესთავაზებს მათ.

ზოგადი განათლების საფეხურზე დისტანციური კომუნიკაცია სკოლასა და მოსწავლეებს შორის იქნება, როგორ და რა ფორმით იქნება და რა რეკომენდაციებს გასცემს სამინისტრო, ამ ინფორმაციას დღეს დღის ბოლომდე მიიღებენ სკოლები.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ რეკომენდაციის დონეზე იქნება თუ როგორ მოხდეს დისტანციური კომუნიკაცია. ალტერნატიულ შეთავაზებებსაც მივცემთ. თუმცა როგორ გააკეთებს პროცესის ორგანიზებას სკოლა, ეს იქნება უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა.

როგორ იქნება უშუალოდ სასწავლო პროცესი გრძელვადიან ჭრილში დაგეგმილი ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ ექსპერტებთან ერთად ვსხედართ და ვმუშაობთ იმ შეთავაზებებზე, რომელსაც სკოლას გავუკეთებთ.

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს როგორც სკოლებთან, ისე რესურსცენტრებთან და მინდა მადლობა გადავუხადო დირექტორებსა და მასწავლებლებს. არის მზაობა, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან ელოდებიან ინსტრუქციებს და დარწმუნებული ვარ, ყველა მასწავლებელი აქტიურად იქნება ამ პროცესში ჩართული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203