რა დავალება მიიღეს სკოლებმა სამინისტროსგან - რეკომენდაციები ცნობილია
15-03-2020
ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად განათლების სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობებია წარმოდგენილი.

რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებს საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მიაწოდონ, ასევე, მნიშვნელოვანია, სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.

შემუშავებული გეგმის ფარგლებში ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას. 

ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა TEAMS-ის პროგრამის შესაძლებლობები განიხილეს, ელექტრონული სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და განათლების ისეთ ფორმებზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ Microsoft office-ის ლიცენზირების სრული პაკეტი 2019 წელს შეიძინა, მათ შორისაა პროგრამა Teams-ი, რომლის დანერგვაც სკოლებში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გააგრძელებს უფასო რესურსების განთავსებას პორტალზე www.el.ge.

სამინისტროს ინფორმაციით, "აქტიურად აგრძელებენ მუშაობას საგანმანათლებლო და აკადემიურ გეგმაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლებს, მოახდინონ საკუთარი სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები მიღწეული იყოს".

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203